,,ამაყი ვარ, რომ ვიდექი იქ, სადაც წყდებოდა ჩემი ქვეყნის ბედი” – 9 აპრილს დაღუპულთა ხსოვნას პატივი მიაგეს

1989 წლის 9 აპრილს, საქართველოს დამოუკიდებლობის მოთხოვნით, თბილისში, რუსთაველზე, საბჭოთა კავშირის შეიარაღებული ძალების ნაწილებმა მშვიდობიანი საპროტესტო აქცია დაარბიეს. დაიღუპა 21 ადამიანი, დაშავდა ასობით. მშვიდობიან მოქალაქეებს ტანკებით, მომწამლავი ქიმიური საშუალებებით, ცეცხლსასროლი იარაღით, სასანგრე ბარებით დაუპირისპირდნენ.

9 აპრილის ტრაგედიიდან ორი წლის შემდეგ, 1991 წლის 9 აპრილს, უზენაესმა საბჭომ საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენა გამოაცხადა და აქტი მიიღო.

დღეს საქართველო დაღუპულთა ხსოვნას პატივს მიაგებს. მემორიალთან მოქალაქეები და 9 აპრილის აქციის მონაწილეები ღამითვე შეიკრიბნენ.

,,ეს არის ჩემთვის პირადად ყველაზე მნიშვნელოვანი დღე, საოცარი ემოციით დატვირთული, დღე, როდესაც გაერთიანებულმა ქართველმა ერმა შეძლო ყველაზე სანუკვარის მოპოვება, რასაც ჰქვია თავისუფლება და დამოუკიდებლობა. შეიძლება ბევრი რამ ვნახე, მაგრამ გაერთიანებულ ქართველ ერზე ლამაზი სანახავი, არაფერი არ არსებობს, დამერწმუნეთ. მე იმითიც ვარ ამაყი, რომ ვიდექი იქ, სადაც წყდებოდა ჩემი ქვეყნის ბედი”, – ამბობს 9 აპრილის სიმბოლო, ნანა მახარაძე.

მსგავსი თემები