საქართველოში ტურებსა და მგლებს დაითვლიან – ტენდერში მონაწილეობისთვის საჭიროა 5-წლიანი გამოცდილება

საქართველოში ტურებსა და მგლებს დაითვლიან, ტენდერში მონაწილეობისთვის კი 5-წლიანი გამოცდილებაა საჭირო. ამას ითვალისწინებს ველური ბუნების ეროვნული სააგენტოს მიერ გამოცხადებული ტენდერი, სადაც წერია, რომ საქართველოში ტურებისა და მგლების პოპულაციის არეალის დადგენისა და რიცხოვნობის შეფასება, ასევე მათი გარემოდან ამოღების მიზნით რეკომენდაციების შემუშავება იგეგმება. ინფორმაციას ,,ბათუმელები” ავრცელებს.

ტენდერის თანახმად, პროექტი ქალაქებსა და მუნიციპალიტეტში უნდა განხორციელდეს, სადაც გახშირებულია ცხოველთა თავდასხმები, ან/და შეიმჩნევა მათი რიცხოვნობის ზრდა; ასევე იქ, სადაც ადგილი აქვს ტურების და მგლების მაღალი დონის ზეწოლას სხვა სახეობების (ბუნებრივი მსხვერპლი სახეობები) პოპულაციებზე. მოპოვებული ინფორმაციის განზოგადება/მოდელირება კი სხვა მუნიციპალიტეტებში არსებულ მდგომარეობასთან უნდა მოხდეს.

კერძოდ კვლევები უნდა განხორციელდეს შემდეგ ქალაქებსა და მუნიციპალიტეტებში: თბილისი, ბათუმი, ქუთაისი, რუსთავი, ფოთი; დუშეთი, დმანისი, თეთრიწყარო, წალკა, ბორჯომი, ადიგენი, ახალქალაქი, ახალციხე, ნინოწმინდა, ჩოხატაური, ცაგერი, ლენტეხი, მესტია, ჩხოროწყუ, ხობი, ზუგდიდი, ახმეტა, თელავი, ლაგოდეხი, სიღნაღი, ყვარელი, ხელვაჩაური, შუახევი, ზესტაფონი, თერჯოლა, სამტრედია, ხარაგაული, ხონი, გორი, ხაშური, თიანეთი, ყაზბეგი, ონი, ამბროლაური, ასპინძა.

,,ევროკავშირთან გაფორმებული ასოცირების შეთანხმების შესაბამისად, საქართველომ აიღო ვალდებულება ეროვნული კანონმდებლობის ჰარმონიზებაზე მდგრადი განვითარების მიზნებსა და ევროკავშირის დირექტივებთან. მთავრობის 2021 წლის განკარგულების საფუძველზე საქართველოს მთავრობასა და შვედეთის სამეფოს მთავრობას შორის გაფორმდა საგრანტო შეთანხმება სადაც, პროექტის „გადავარჩინოთ ბუნება – საქართველოს” მიზანს წარმოადგენს.

საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს შესაძლებლობის გაძლიერება, ბიომრავალფეროვნების დაკარგვის შესაჩერებლად ეროვნულ დონეზე, გრძელვადიან პერსპექტივაში ჰაბიტატის განადგურების და დეგრადაციის, ბუნებრივი რესურსებისა და სახეობების ჭარბი გამოყენების, კლიმატის ცვლილების, გარემოს დაბინძურების პრევენციის გზით,” – აღნიშნულია სატენდერო განაცხადში.

ტენდერში მონაწილეობის მიღების მსურველ „პრეტენდენტს [საკონსულტაციო კომპანია ან/და შესაბამის ექსპერტთა ჯგუფი, ამხანაგობის სახით] უნდა ჰქონდეს ბიომრავალფეროვნების კონსერვაციის და მდგრადი მართვის სფეროში, მ.შ. პრიორიტეტული იქნება ველური ბუნების, მ.შ. ტურისა და მგლის მონიტორინგის სფეროში მუშაობის მინიმუმ 5-წლიანი გამოცდილება. აღნიშნულის დასადასტურებლად პრეტენდენტმა ერთიანი ელექტრონული სისტემის მეშვეობით უნდა წარმოადგინოს მინიმუმ ერთი დასრულებული პროექტის შესახებ ინფორმაცია [მიმდინარე პროექტი არ განიხილება], რომელიც ჩაუტარებია ბოლო 5 წლის განმავლობაში.

ტენდერში წინადადებების მიღება 2024 წლის 30 მარტს დაიწყება და 2 აპრილს დასრულდება. სამუშაოების შესრულების ვადა ტენდერში გამარჯვებულთან ხელშეკრულების გაფორმების შემდეგ 6 თვეა.

მსგავსი თემები