„პირველ რიგში, ამ დახმარებას საკუთარი ინტერესებისთვის იყენებს“- ხუნდაძე აშშ-ის დახმარებაზე

საპარლამენტო უმრავლესობის წევრი დიმიტრი ხუნდაძე ამბობს, რომ ხშირად სხვა ქვეყნებიდან მიღებული დაფინანსება „ქვეყნისა და ხელისუფლებების რყევისათვის გამოიყენება“. ამ კონტექსტში მან ახსენა საქართველოს სტრატეგიული პარტნიორი აშშ, რომლისგანაც ქვეყანას ბოლო 30 წლის განმავლობაში ექვსი მილიარდი დოლარის ოდენობის ფინანსური დახმარება აქვს მიღებული.
„მინდა რეალურად იცოდეთ, რომ აშშ, რა თქმა უნდა, ზოგჯერ რეალურად ქმედით და სარგებლიან დახმარებას წევს, მაგრამ არ არის ის საქველმოქმედო ორგანიზაცია და ყველა სახელმწიფო, მათ შორის ისიც, ამ დახმარებას, პირველ რიგში, საკუთარი ინტერესების მოსაგებად იყენებს“, – თქვა დიმიტრი ხუნდაძემ პარლამენტის ტრიბუნიდან.
აშშ-დან მიღებული დაფინანსების კონტექსტში ახსენა მან რუსეთის მიერ უკრაინაში დაწყებულ ომში საქართველოს ჩართვის საკითხიც.
„თუ (აშშ-დან მიღებულ) ამ დაფინანსებას საქართველოში გვახსენებენ იმიტომ, რომ 2008 წლის შემდეგ მეორედ, უკრაინის ომში არ ჩავერთეთ, მაშინ უკაცრავად… ეს ვერ იქნება საზღაური იმ ზიანისა, რაც შეიძლება საქართველოს მისდგომოდა…
მოსახლეობამ უნდა იცოდეს, ძალიან ხშირად ქვეყანაში გარე დაფინანსებები სწორედ ქვეყნისა და ხელისუფლებების რყევისათვის გამოიყენება, როგორც ახლა დეზინფორმაციაა“, – თქვა დიმიტრი ხუნდაძემ.

მსგავსი თემები