კომუნიკაცია გვქონდა კონფლიქტში ჩართულ პირებთან, მიმდინარეობს ვითარების შესწავლა – ომბუდსმენი ადიგენზე

ადიგენში, რელიგიურ ნიადაგზე დაპირისპირებას სახალხო დამცველი, ლევან იოსელიანი ეხმაურება და აცხადებს, რომ კომუნიკაცია ჰქონდათ კონფლიქტში ჩართულ პირებთან და მიმდინარეობს ვითარების შესწავლა:

,,საქართველოს სახალხო დამცველი თვალს ადევნებს 8 მარტს, ადიგენში რელიგიურ ნიადაგზე მომხდარ დაპირისპირებას და განვითარებულ მოვლენებს.

სახალხო დამცველისთვის მიუღებელია ნებისმიერი სახის ძალადობა და კონსტიტუციით გარანტირებული რელიგიური თავისუფლების შეზღუდვა.

სახალხო დამცველის აპარატის რეგიონული ოფისის თანამშრომელს კომუნიკაცია ჰქონდა კონფლიქტში ჩართულ პირებთან. ამ ეტაპზე მიმდინარეობს ვითარების შესწავლა და ობიექტური, ფაქტობრივი გარემოებების დაზუსტება, რის შემდეგაც, მანდატის ფარგლებში, მოხდება შესაბამისი რეაგირება”, – ნათქვამია განცხადებაში.

ცნობისთვის, ადიგენის ცენტრში გუშინ, მუსლიმ მრევლს პარასკევის ლოცვის საშუალება არ მისცეს. რამდენიმე ათეული მოქალაქე სასულიერო პირებთან ერთად იუსუფ მიქელაძის საკუთრებასთან მივარდა და მუქარით მოითხოვდნენ ლოცვის შეწყვეტას. ვითარება იმდენად გამწვავდა, რომ ადგილზე პოლიციის ათობით თანამშრომლის გამოძახება გახდა საჭირო.

მსგავსი თემები