გამონაბოლქვის ნორმასთან შეუსაბამობისთვის 4 099 პირი დააჯარიმეს

2024 წლის 4 მარტის ჩათვლით, ავტოსატრანსპორტო საშუალებების გამონაბოლქვის დადგენილ ნორმასთან შეუსაბამობისთვის, ჯამში, 4 099 ფიზიკური და იურიდიული პირი დაჯარიმდა. ინფორმაციას გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტი ავრცელებს.

,,კანონის ამოქმედებიდან 2024 წლის 4 მარტის ჩათვლით, დეპარტამენტის მოძრავი ეკიპაჟების მიერ, ავტოსატრანსპორტო საშუალებების გამონაბოლქვის დადგენილ ნორმასთან შეუსაბამობისთვის, ჯამში, 4 099 ფიზიკური და იურიდიული პირი დაჯარიმდა.

ყველაზე მეტი – 1 895 ჯარიმა, ქალაქ თბილისში მოძრავი ავტოსატრანსპორტო საშუალებების მძღოლებს/მფლობელებს დაეკისრათ; დეპარტამენტის თანამშრომლების მიერ 866 სამართალდარღვევა დაფიქსირდა ქუთაისში, 744 – ბათუმში და 594 – რუსთავში.

გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის თანამშრომლების მიერ დაჯარიმებული 4 099 სამართალდამრღვევიდან, 3 528 – ფიზიკური პირია, ხოლო 571 – იურიდიული პირი.

აღსანიშნავია, რომ 2 437 ჯარიმა მსუბუქი ავტომობილების მძღოლებს დაეკისრათ, 1 449 – მიკროავტობუსის, 212 – სატვირთო ავტომობილის და 1- ავტობუსის მძღოლს” – წერია დეპარტამენტის მიერ გავრცლეებულ განცხადებაში.

შეგახსენებთ, რომ ავტოსატრანსპორტო საშუალებების გამონაბოლქვის კანონმდებლობით დადგენილ ნორმასთან შეუსაბამობისთვის, ფიზიკური პირის შემთხვევაში, ჯარიმის ოდენობა პირველ ჯერზე 100 ლარია, მეორე ჯერზე – 300 ლარი, მესამე ჯერზე – 600 ლარი.

იურიდიული პირის შემთხვევაში კი, ჯარიმა 500, 1500 და 3000 ლარს შეადგენს.

ჯარიმის 10 დღის ვადაში გადახდის შემთხვევაში, სამართალდამრღვევს, ჯარიმის ოდენობა, 20%-ით შეუმცირდება.

მსგავსი თემები