„თეთრ სახლში დაბრუნების შემდეგ, აშშ-ის ისტორიაში დეპორტაციის ყველაზე მასშტაბურ ოპერაციას დავიწყებთ“ – ტრამპი

აშშ-ის ექსპრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჩრდილოეთ კაროლინაში მხარდამჭერებთან შეხვედრაზე განაცხადა, რომ თეთრ სახლში დაბრუნების შემდეგ, აშშ-ის ისტორიაში დეპორტაციის ყველაზე მასშტაბურ ოპერაციას დაიწყებს.

ტრამპი ასევე ამბობს, რომ ხელახალი გაპრეზიდენტების შემთხვევაში, ბაიდენის ადმინისტრაციის ღია კარის პოლიტიკას სრულად გააუქმებს. სიტყვით გამოსვლისას მან ბაიდენის ადმინისტრაცია პოლიტიკურ დევნაში კიდევ ერთხელ დაადანაშაულა და საკუთარ თავს “ამაყი პოლიტიკური დისიდენტი” უწოდა.

ცნობისთვის, ტრამპმა სამ შტატში გამართულ შიდაპარტიულ შეკრებაზე, ე.წ. კოკუსში გაიმარჯვა. მან რესპუბლიკელთა უმრავლესობის მხარდაჭერა მიჩიგანში, აიდაჰოსა და მისურიში მოიპოვა. სამივე შტატში ტრამპმა დაამარცხა ერთადერთი კონკურენტი, ნიკი ჰეილი და კიდევ ერთი ნაბიჯი გადადგა რესპუბლიკური პარტიიდან პრეზიდენტობის კანდიდატად წარდგენისკენ.

მსგავსი თემები