ცდილობენ პლაცდარმი მოუმზადონ სალომე ზურაბიშვილს, რომ მან მიიღოს გადაწყვეტილება სააკაშვილის შეწყალებასთან დაკავშირებით – მიხეილ სარჯველაძე

„როგორც ჩანს, ევროპარლამენტარ ანა ფოტიგას ასეთი უცნაური ინიციატივა იყო რეალურად ერთი ფუნქციის განსახორციელებლად და შესასრულებლად გაკეთებული. გამეხარდება თუ მეშლება მაგრამ ყველაფერი ამაზე მიანიშნებს. ცდილობენ პლაცდარმი მოუმზადონ საქართველოს პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილს, რომ მან მიიღოს გადაწყვეტილება სააკაშვილის შეწყალებასთან დაკავშირებით“ – ასე გამოეხმაურა საპარლამენტო უმრავლესობის წევრი მიხეილ სარჯველაძე ევროპარლამენტის რეზოლუციაში ანა ფოტიგას ინიციატივით შესულ შესწორებას.

როგორც მიხეილ სარჯველაძემ აღნიშნა, რეალურად საქართველოში ყველამ იცის, რომ როგორც ჩანს სალომე ზურაბიშვილი აპირებს სააკაშვილის შეწყალებას და ის უბრალოდ მძევალია მის მიერ ადრე გაკეთებული განცხადებების, რაც მისი შეფასებით მართებული იყო.

„ახლა, როდესაც მას გადაწყვეტილი აქვს შეცვალოს ეს პოზიცია ჭირდება უბრალოდ მყარი დასაყრდენი. ეს ძალიან ცუდად ჩანს. ეს გაშიფრულია და ვფიქრობ, რომ უბრალოდ ამ გეგმის განხორციელებაზე ალბათ უმჯობესია აიღონ ხელ იმ ადამიანებმა ვინც ამას გეგმავს“, – განაცხადა საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა.

მისი თქმით, ევროპარლამენტის რეზოლუციაში გაკეთებულ ჩანაწერს შეიძლება პირდაპირ დაერქვას სიტყვა პროვოკაცია.

„არ ვიცი როგორ მოხვდა ბოლო მომენტში რეზოლუციაში ტექსტი სააკაშვილთან დაკავშირებით, მაგრამ უნდა ვთქვათ აუცილებლად, რომ საბედნიეროდ ის რასაც ამბობს ფოტიგა არ შეიძლება საქართველოს საზოგადოებამ ეს მიიჩნიოს უმაღლესი დონის ჭეშმარიტებად. ცდებაო ამ კონკრეტულ შემთხვევაში ქალბატონი ფოტიგა, როდესაც ასეთ განცხადებებს აკეთებს ან ასეთი ინიციატივებით გამოდის, ცდება, ვინაიდან ის უპირისპირდება საქართველოს მოსახლეობის ნებას, ქართული საზოგადოების ნებას. შეიძლება ეს მისთვის მეორე ხარისხოვანია ან მეშვიდე ხარისხოვანია, მაგრამ ჩვენ ამ ქვეყანაში, ბუნებრივია, ჩვენ ამას ვერ შევეგუებით, რომ რაც ქართული საზოგადოებისთვის არის პირველ ხარისხოვანი მნიშვნელობის ამასთან მიმართებაში არ არსებობდეს პატივისცემის დამოკიდებულება“, – აღნიშნა მიხეილ სარჯველაძემ.

მსგავსი თემები