,,თუ მართლა გსურთ პუტინის დამარცხება, უნდა გახდეთ ნოვატორები” – ნავალნაიას მიმართვა ევროპარლამენტში

თუ მართლა გსურთ პუტინის დამარცხება, უნდა გახდეთ ნოვატორები. პუტინს მორიგი რეზოლუციით ან სანქციებით, რომლებიც არაფრით განსხვავდება წინა რეზოლუციებისგან და მაგისთანებისგან, ვერაფერს ავნებთ, – ასე მიმართა ნავალნის ქვრივმა ევროპარლამენტარებს.

იულია ნავალნაია დღეს, ბრიუსელში, ევროპარლამენტში სიტყვით გამოვიდა და განაცხადა, რომ საჭიროა უფრო ქმედითი ნაბიჯები რუსეთის პრეზიდენტისა და მისი გარემოცვის მიმართ.

,,ჩვენ საქმე გვაქვს არა პოლიტიკოსთან, არამედ სისხლიან მაფიოზთან. მთავარია, პუტინთან დაახლოებული ხალხი, მისი მეგობრები, თანამოაზრეები და ადამიანები, რომლებიც მაფიის ფულს განაგებენ. თქვენ და ჩვენ ერთად უნდა ვებრძოლოთ ამ კრიმინალურ დაჯგუფებას. არა დიპლომატიური ნოტები, არამედ გამოძიება ფინანსურ მაქინაციებზე. არა შეშფოთების განცხადებები, არამედ თქვენს ქვეყნებში მაფიის თანამოაზრეების ძიება, გონიერი იურისტებისა და ფინანსისტების, რომლებიც პუტინს და მის მეგობრებს ფულის დამალვაში ეხმარებიან.

ამ ბრძოლაში თქვენ გყავთ საიმედო მოკავშირეები – ათობით მილიონი რუსი, რომელიც პუტინის წინააღმდეგია, ომის წინააღმდეგია, მის მიერ მოტანილი ბოროტების წინააღმდეგია. პუტინმა უნდა აგოს პასუხი იმისთვის, რაც ჩემს ქვეყანას გაუკეთა. პუტინმა უნდა აგოს პასუხი, რაც გაუკეთა მეზობელ მშვიდობიან ქვეყანას. პუტინმა უნდა აგოს პასუხი ყველაფერზე, რაც მან გაუკეთა ალექსეის”, – აღნიშნა მიმართვის დროს იულია ნავალნაიამ.

რუსი ოპოზიციონერი ალექსეი ნავალნი 16 თებერვალს კოლონიაში დაიღუპა. ნავალნის 1-ელ მარტს, მოსკოვში დაკრძალავენ.

მსგავსი თემები