საქართველოს საგარეო პოლიტიკის შესაბამისობა EU-ს საგარეო პოლიტიკასთან, საკმაოდ დაბალია – ჰერჩინსკი

საქართველოში ევროკავშირის ელჩი, პაველ ჰერჩინსკი 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებთან დაკავშირებით აცხადებს, რომ ევროკავშირი მხარს უჭერს თავისუფალ და სამართლიან არჩევნებს, ისევე როგორც თავისუფალ და სამართლიან საარჩევნო პროცესს.

,,მე არ მინდა გავაკეთო კომენტარი საქართველოში მიმდინარე არჩევნებზე, რადგან ევროკავშირი ამ არჩევნებში მონაწილეობას არ იღებს და არც რომელიმე პოლიტიკურ პარტიას უჭერს მხარს. თუმცა, ჩვენ მხარეს ვუჭერთ თავისუფალ და სამართლიან არჩევნებს, ისევე როგორც თავისუფალ და სამართლიან საარჩევნო პროცესს, რათა ყველა პოლიტიკურმა პარტიამ წარმოადგინოს თავისი პროგრამა, იბრძოლოს ამომრჩევლების მოსაზიდად და მომავალი პარლამენტი წარმოადგენდეს საქართველოს საზოგადოებაში არსებული მოსაზრებების მრავალფეროვნებას”, – ამბობს ელჩი.

დიპლომატი აღნიშნავს, რომ ამ დროისათვის, საქართველოს საგარეო პოლიტიკის ევროკავშირთან შესაბამისობის დონე საკმაოდ დაბალია.

,,9 რეკომენდაციიდან ერთ-ერთი, უფრო ზუსტად კი რეკომენდაცია ნომერი ორი, არის ის, რომ საქართველო შეესაბამებოდეს ევროკავშირის საერთო საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკას. ამ დროისთვის შესაბამისობის დონე არის საკმაოდ დაბალი, განსხვავებით სხვა კანდიდატი ქვეყნებისგან და ჩვენ ვმუშაობთ საქართველოს მთავრობასთან, რათა ეს დონე ეტაპობრივად გაიზარდოს. იმისათვის, რომ, როდესაც საქართველოს გაწევრიანების დღე დადგება, მისი საგარეო პოლიტიკა იყოს ევროკავშირის საგარეო პოლიტიკის იდენტური. როგორც უკვე ვთქვი, ახლა ეს შესაბამისობა დაბალია. შეინიშნება ზრდის ტენდენცია, თუმცა ეს ჯერ საკმარისი არ არის. ეს ეხება ყველა საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკას, რომელიც ერთსულოვნად არის შეთანხმებული ყველა, 27-ვე წევრი სახელმწიფოს მიერ და ჩვენ ველით, რომ ყველა კანდიდატი ქვეყნის პოლიტიკა იქნება შესაბამისობაში ევროკავშირის პოლიტიკასთან და ეს შესაბამისობის დონე იქნება მაქსიმალურად ახლოს 100%-თან”, – ამბობს პაველ ჰერჩინსკი.

მსგავსი თემები