მირქმა (მიგებება) უფლისა ღმრთისა და მაცხოვრისა ჩვენისა იესო ქრისტესი

მართლმადიდებელი ეკლესია დღეს, 15 თებერვალს, მირქმის, ანუ უფლისადმი მიგებების დღესასწაულს აღნიშნავს. ის უფლის 12 დღესასწაულთა შორის ერთ-ერთი უდიდესია. იუდეველთა წესის მიხედვით, პირველშობილი ყრმა მე-40 დღეს ტაძარში მიჰყავდათ და ღვთისთვის მსხვერპლს სწირავდნენ, ერთი წლის კრავს, ხოლო სიღარიბის შემთხვევაში, წყვილ გვრიტს, ან მტრედის ხუნდს.

სახარების მიხედვით, ამ დღეს ყრმა იესო ღვთისმშობელმა მარიამმა და მართალმა იოსებმა ტაძრად მიიყვანეს, რათა უფლისთვის ძღვენი შეეწირათ. წმინდა სვიმონ ღვთისმიმრქმელმა იცნო ტაძარში მიყვანილი მაცხოვარი, რომელსაც იგი, ანგელოზის სიტყვისამებრ, სამნახევარ საუკუნეზე მეტხანს ელოდა. ებრაულიდან ბერძნულად წმინდა წერილის თარგმნის დროს მას სურდა “ქალწულმა მუცლად იღო” სიტყვა ქალით შეეცვალა. ანგელოზმა მას შესწორება აუკრძალა და უთხრა, რომ ქალწულისაგან შობილ მაცხოვარს იხილავდა.

წმინდა სვიმონი იესოს კრძალვით მიეგება, თავის მკლავზე მიიწვინა და განაცხადა: “აწ განუტევე მონაი შენი მეუფეო, სიტყვისაებრ შენისა. მშვიდობით, რამეთუ იხილეს თვალთა ჩემთა მაცხოვარებაი შენი”. ამ ფაქტის შემდეგ წმინდა სვიმონი მალე აღესრულა.

მირქმის დღესასწაულთან დაკავშირებით ქვეყნის მოქმედ მართლმადიდებლურ ტაძრებში წირვა-ლოცვა აღევლინება.

მსგავსი თემები