ირაკლი კობახიძე სტიქიის ზონაში ჩავიდა

პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე ბაღდათის მუნიციპალიტეტის სოფელ ნერგეეთში, სტიქიის ზონაში იმყოფებოდა. კობახიძემ სტიქიის შედეგად დაღუპულების ოჯახის წევრებს მიუსამძიმრა.

მან აღნიშნა, რომ ადგილობრივი ხელისუფლება ოჯახების უზრუნველსაყოფად ყველაფერს გააკეთებს.

„ვიყავით სტიქიის, ტრაგედიის ადგილზე, გავეცანით ვითარებას. როგორც იცით, მიმდინარეობს სტიქიის შედეგების სალიკვიდაციო სამუშაოები. ყველა ზომა იქნება მიღებული, სადაც არის განსახლება საჭირო, ასევე კომპენსაციები, ამასთან დაკავშირებითაც იქნება ზომები მიღებული.
სტიქიის შედეგების სალიკვიდაციო სამუშაოები დასრულდება დღეს-ხვალ უკვე, საკმაოდ სწრაფი ტემპით მიმდინარეობდა ეს ყველაფერი.

კიდევ ერთხელ ვუსამძიმრებ, სოფლის მოსახლეობას მივუსამძიმრეთ, პირადად მივუსამძიმრებთდაღუპულთა ოჯახის წევრებს.

ძალიან დიდი ტრაგედია მოხდა. რაც შეეხება პრევენციას, ყველაფერი გაკეთდება სამომავლოდ იმისათვის, რომ მაქსიმალურად ვიზრუნოთ ასეთი შემთხვევების პრევენციაზე. ამ შემთხვევაშიც იყო ძალიან რთული შემთხვევა, თუმცა, ზოგადად, ყველა ზომა იქნება მიღებული იმისათვის, რომ მოხდეს ნებისმიერი ტიპის ბუნებრივი კატასტროფის პრევენცია, სადაც ეს შესაძლებელია”, –  განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

შეგახსენებთ, 7 თებერვალს სოფელ ნერგეეთში ღამით მეწყერი ჩამოწვა. მეწყერმა მოიყოლა 4 სახლი, სადაც ჯამში 10 ადამიანი იმყოფებოდა. სამძებრო სამუშაოების შედეგად მაშველებმა ერთი ადამიანის სიცოცხლის გადარჩენა შეძლეს, რომელიც ამ დრომდე კლინიკაშია. 9 პირი კი სტიქიურ უბედურებას ემსხვერპლა. მათ შორის არიან არასრულწლოვანებიც.

მსგავსი თემები