ირანის მოქალაქემ 77კგ-ზე მეტი “ჰეროინის” შემცველი ნივთიერება შემოიტანა – პროკურატურა

თბილისის საქალაქო სასამართლომ დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვაში, საქართველოში უკანონოდ შემოტანასა და ტრანზიტით საერთაშორისო გადაზიდვაში ბრალდებულ ირანის მოქალაქეს 18 წლით პატიმრობა მიუსაჯა.

გამოძიების ცნობით, ირანის მოქალაქემ 2023 წელს საქართველოში უკანონოდ შემოიტანა 77,175 კგ. ნარკოტიკული საშუალება “ჰეროინის” შემცველი ნივთიერება, რომლის გადაზიდვასაც ბულგარეთის მიმართულებით ახორციელებდა.

პროკურატურის ცნობით, დაკავებულს დანაშაულის ჩასადენად გამოყენებული სატვირთო ავტომანქანა სახელმწიფოს სასარგებლოდ ჩამოერთვა.

მას ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის პირველი ნაწილით და მეექვსე ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტით, 262-ე მუხლის პირველი ნაწილით და მეოთხე ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტით, (ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვა, საქართველოში უკანონოდ შემოტანა და ტრანზიტით საერთაშორისო გადაზიდვა) წარედგინა.

მსგავსი თემები