,,რთულია რაიმე რეაგირება გავაკეთოთ გამოძიების კუთხით” – ვახტანგ გომელაური

შს მინისტრობის კანდიდატი ამტკიცებს, რომ მისი უწყება მაქსიმალურს აკეთებს საოკუპაციო ხაზის გასაკონტროლებლად და იქ მცხოვრები მოსახლეობის უსაფრთხოებისთვის.

ამ საკითხზე გომელაურმა პარლამენტში, გაერთიანებული კომიტეტების სხდომაზე, თამაზ გინტურის მკვლელობასთან დაკავშირებით დასმული შეკითხვის პასუხად განაცხადა.

,,სამწუხარო ფაქტია ნამდვილად, თუმცა მინდა ხაზი გავუსვა, რომ რთულია ჩვენის მხრიდან რაიმე რეაგირება გავაკეთოთ გამოძიების კუთხით, როდესაც ვერ გადავდივართ და ვერ ვატარებთ საგამოძიებო მოქმედებებს მეორე მხარეს. აქედან გამომდინარე, რაც შეგვიძლია გავაკეთოთ, გაძლიერებაა ამა თუ იმ სექტორის, ამა თუ იმ ადგილის. სამმხრივად ხდება შეთანხმება, ჩვენ არ გვაქვს თვითნებურად საგუშაგოს გახსნის, გაუქმების, ან გადატანის უფლება. თუნდაც 10 მეტრით რომ გადავაადგილოთ საგუშაგო, უნდა შეთანხმდეს ევროკავშირთან, სადამკვირვებლო მისიასთან, ასევე მესამე მხარესთან. აქედან გამომდინარე, ვცდილობთ ხოლმე მოძრავი პატრული დავნერგოთ და სიღრმეში ვიმუშაოთ რომ არ იყოს შენიშვნა.

მთლიანად გადახურვა შეუძლებელია, 391 კილომეტრია. თავდაცვაც რომ გამოვიყვანოთ, მთელი პოლიცია რომ იქ ჩავიყვანოთ, ფიზიკურად ვერ შევძლებთ 100%-იან კონტროლს”, -ამბობს გომელაური.

მსგავსი თემები