„რუსეთმა წაიღო საავტორო უფლებების სფერო და ახლა უნდათ ხელის შემშლელიც აღარ ჰყავდეთ” – კობალაძე

„რუსეთმა წაიღო საავტორო უფლებების სფერო და ახლა უნდათ ხელის შემშლელიც აღარ ჰყავდეთ” – ამის შესახებ საავტორო უფლებათა ასოციაციის თავმჯდომარებ, გიგა კობალაძემ ორგანიზაციაში ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის შესვლასთან დაკავშირებით განაცხადა.

„შუადღეს შემოვიდნენ. უკავშირდება მარტივ რაღაცას, რაც 5 წელია უკვე მიმდინარეობს. 5 წლის განმავლობაში იბრძოლა რუსეთმა, წაიღეს საავტორო უფლებების სფერო, როგორც იცით, აკრედიტაცია მიიღო რუსულმა ორგანიზაციამ და ახლა უნდათ რომ საერთოდ მოასუფთაონ, ხელის შემშლელიც აღარ ჰყავდეთ არავინ, ვინც ამაზე ილაპარაკებს და დღევანდელი დღე ამის შედეგია.

მიაქვთ ყველა დოკუმენტი, კომპიუტერები და ყველაფერი, რაც ოფისში ინახება“ – განაცხადა გიგა კობალაძემ.

შეგახსენებთ, დღეს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახური საავტორო უფლებათა ასოციაციაში შევიდა. ამოღებულია დოკუმენტაცია და ელექტრო მოწყობილობები. ცნობილია, რომ საფინანსო პოლიცია ოფისის დალუქვასაც გეგმავს.

ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის ცნობით, გამოძიება საავტორო უფლებათა ასოციაციის თავმჯდომარის მიერ ავტორ-შემსრულებელთა კუთვნილი დიდი ოდენობით თანხების შესაძლო მითვისების ფაქტზე მიმდინარეობს.

მსგავსი თემები