,,ერთი მოხმარებაც შეიძლება სიკვდილით დამთავრდეს”- ნარკოლოგის გაფრთხილება

ნარკოლოგი ზურა სიხარულიძე  საზოგადოებას აფრთხილებს. მისი თქმით, მძიმე სინთეტიკური ნარკოტიკების ეპოქაა და ერთი მოხმარებაც შეიძლება სიკვდილით დამთავრდეს.

„არ ვიცი რით გარდაიცვალა ის ბავშვი… ვიზიარებ ოჯახის მწუხარებას.

ფენტანილზე დავწერე 100-ჯერ და ახალს ვერაფერს ვიტყვი…

არ მოიხმაროთ უცნობი ნივთიერება! მძიმე სინთეტიკური ნარკოტიკების ეპოქაა და ერთი მოხმარებაც შეიძლება სიკვდილით დამთავრდეს!

შეცვალეთ კანონი! მომხმარებელსა და დამოკიდებულ ადამიანებს კი ნუ დასდევთ და უმწარებთ ცხოვრებას, არამედ დაეხმარეთ და იზრუნეთ მათზე.

ზიანის შემცირებას მიხედეთ! ზიანი შეამცირეთ რაც ნარკოტიკს მოაქვს! ქაღალდზე კი არა – რეალობაში გააკეთეთ რამე…

ინფორმაცია გაავრცელეთ ახალგაზრდებში – რა ნარკოტიკებია და რა საფრთხე ელით მათი მოხმარებისას.

შექმენით ადრეული შეტყობინების სისტემა !!!

ჩაატარეთ კვლევა რა ნარკოტიკია შავ ბაზარზე!

გახსენით ინტოქსიკაციური ფსიქოზების მწვავე განყოფილება დიდ ქალაქებში, სადაც რეანიმატოლოგები, ფსიქიატრები და ნარკოლოგები იმუშავებენ!

სასწრაფო დახმარებას ჩაუტარეთ ტრენინგები-ახალი ფსიქოაქტიური ნივთიერებებით გამოწვეული მდგომარეობა როგორ მართონ!

და ასე შეიძლება გავაგრძელო ძალიან დიდხანს იმ პრობლემებზე, რაც დარგშია, უბრალოდ დაწერის აზრსაც ვერ ვხედავ.

იმდენია დღეს ამ დარგში ექსპერტი, გადაწყვეტილების მიმღები და მკურნალი ექიმი,რომ თვლაც ამერია და უამრავი სხვადასხვა პროფესიის ექიმი, რომლებიც დაჟინებული მზერით და კიდევ კაცმა არ იცის რა მეთოდებით მკურნალობენ ადამიანებს…ასე რომ, მე ჯობია სხვა  სფეროში გადავიდე,“ – წერს ზურა სიხარულიძე.

მსგავსი თემები