„ქართული ოცნების“ და სალომე ზურაბიშვილის იწილო-ბიწილო ცოტათი მოსაბეზრებელია” – იაგო ხვიჩია

„ქართული ოცნებისა“ და სალომე ზურაბიშვილის ეს იწილო-ბიწილო ცოტათი მოსაბეზრებელია – საქმით სალომე ზურაბიშვილი „ქართული ოცნების“ ძალიან ერთგული მეგობარია” – ასე ეხმაურება „გირჩის“ ლიდერი, იაგო ხვიჩია პრეზიდენტის განცხადებას საქართველოში სომხეთის პრემიერის ვიზიტის შესახებ.

ხვიჩია თვლის, რომ სალომე ზურაბიშვილი „ქართული ოცნებისა“ და ბიძინა ივანიშვილის თამაშის ნაწილია.

„არ მესმის, როგორ შეიძლება პრეზიდენტს ვინმემ დაუმალოს ვიზიტის შესახებ? ვიღაც თუ მალავს, როგორ შეიძლება პრეზიდენტს არ ჰქონდეს ინსტრუმენტი, რომ თვითონ გაარკვიოს ეს. ზოგადად, მგონია, რომ „ქართული ოცნების“ და სალომე ზურაბიშვილის ეს იწილო-ბიწილო ცოტათი მოსაბეზრებელია. სალომე ზურაბიშვილს თუ მართლა აწუხებს, რომ მის უფლებამოსილებებს ზღუდავენ, არაერთხელ მივეცით რჩევა, როგორ უნდა მოიქცეს მართლა ოპოზიციონერი პრეზიდენტი, მაგრამ გვაქვს რწმენა, რომ სალომე ზურაბიშვილი „ქართული ოცნებისა“ და ბიძინა ივანიშვილის თამაშის ნაწილია. შესაბამისად მთელი ეს კონცერტი – მისი ვერ გადაყენებიდან დაწყებული და ყოველდღიური განცხადებები ამ თამაშის ნაწილი გვგონია, ამიტომ მაინცდამაინც სერიოზულად ვერ ვიღებთ”, – განაცხადა იაგო ხვიჩიამ.

ცნობისთვის, სალომე ზურაბიშვილი მიესალმა საქართველოში სომხეთის პრემიერის ვიზიტს, თუმცა ამავდროულად მწუხარება გამოთქვა, რომ „შესაბამისი უწყებების მხრიდან არ ხდება პრეზიდენტის ინფორმირება ქვეყანაში დაგეგმილი მაღალი რანგის ვიზიტების, შეხვედრებისა თუ ღონისძიებების შესახებ“.

მსგავსი თემები