კეკელიძის ქუჩაზე გამოსახლებისას დაკავებულებს 3-დან 6 წლამდე პატიმრობა ემუქრებათ

პოლიციამ გუშინ, 23 იანვარს, კეკელიძის N1-ში ბინიდან ოჯახის გამოსახლების დროს ორი აქტივისტი, გიორგი ხასაია და კაკო ჩიქობავა სისხლის სამართლის წესით დააკავა.

დაკავებულებს შინაგან საქმეთა სამინისტრო სხვისი ნივთის განზრახ დაზიანებას ედავება. საუბარია აღსრულების ბიუროს კუთვნილი მანქანის დაზიანებაზე. ბრალის დამტკიცების შემთხვევაში მათ 3-დან 6 წლამდე პატიმრობა ემუქრებათ. ისინი ახლა ბრალის წარდგენას ელოდებიან.

ადმინისტრაციული წესით დაკავებულია 18 ადამიანი.  ერთ-ერთი მათგანია “მთის ამბების” ჟურნალისტი გელა მთივლიშვილი, რომელიც ხელწერილის საფუძველზე გაათავისუფლეს. დაკავებულთა ნაწილი ამ დრომდე რჩება წინასწარი დაკავებულების იზოლატორში.

შეგახსენებთ, რომ კეკელიძის ქუჩაზე გუშინ აღსრულების ბიუროს თანამშრომლებმა ხატიაშვილების ოჯახი საცხოვრებელი სახლიდან გამოასახლეს. გამოსახლების პროცესი რამდენიმე საათის განმავლობაში მიმდინარეობდა, რადგან აღსრულების პოლიციას ხატიაშვილების ოჯახის ახლობლები, მათი სოლიდარობისთვის მისული ადამიანები და აქტივისტები წინააღმდეგობას უწევდნენ.

მსგავსი თემები