რესპუბლიკური საავადმყოფოს თანამშრომლები საკომპენსაციო პაკეტებს მიიღებენ

ჯანდაცვის სამინისტროს წარმომადგენლები რესპუბლიკური საავადმყოფოს თანამშრომლებს შეხვდნენ და ის საკომპენსაციო პაკეტები გააცნეს, რასაც მათ სახელმწიფო სთავაზობს.

როგორც სამინისტროს წარმომადგენელმა  ნინო კვერნაძემ მედიასთან განაცხადა, აღნიშნულ პაკეტზე სამინისტრო ერთი თვის განმავლობაში მუშაობდა.

მისი თქმით, სამინისტრომ რესპუბლიკური საავადმყოფოს თანამშრომლებს 4 ტიპის საკომპენსაციო პაკეტი შესთავაზა, ხოლო არჩევანის გასაკეთებლად 90 დღე აქვთ განსაზღვრული.

„საკომპენსაციო პაკეტი განსხვავებულია შრომის კოდექსისგან და გაცილებით დიდია იმაზე, რასაც შრომის კოდექსი ითვალისწინებს. ბევრი თანამშრომელია, ვისაც აქვს გარკვეული სენსიტივები  ამ კლინიკასთან დაკავშირებით. ამის  შესაბამისად, მათთვის  საკმაოდ დიდი პაკეტის შემუშავება მოხდა. თანამშრომელი, რომელიც  მხოლოდ რესპუბლიკურ საავადმყოფოში მუშაობს, მისთვის  განსხვავებული პაკეტის შეთავაზება მოხდება.   ხოლო იმ თანამშრომლებისთვის, ვინც სხვაგანაც მუშაობს, მათთვის სრულიად  განსხვავებული“, – ამბობს კვერნაძე.

მისივე თქმით, შეთავაზება ეხება როგორც სამედიცინო პერსონალს, ასევე, ადმინისტრაციულს, რაც ხშირ შემთხვევაში გამონაკლისია ხოლმე.

კვერნაძე ამბობს, რომ იმ შემთხვევაში თუ პირი თავიდანვე უარს იტყვის რესპუბლიკურთან გააგრძელოს რაიმე ტიპის შრომითი ხელშეკრულება, მიცემა 12 თვის ხელფასის ოდენობის კომპენსაცია. იმ შემთხვევაში თუ პირი მუშაობს სხვა სამსახურშიც, მას მიეცემა მხოლოდ 4 თვის კომპენსაცია. იმ შემთხვევაში თუ პირი უარს იტყვის 12 – თვიან ანაზღაურებაზე, მას მიეცემა საშუალება, აირჩიოს სხვა ტოლფასი თანამდებობა და ტოლფასი თანამდებობის არჩევის შემთხვევაშიც კი მიეცემა 4 თვის კომპენსაცია.

„გვაქვს კიდევ მეოთხე ვარიანტი, თუ დასაქმებული უარს აცხადებს მიმდინარე პოზიციის დატოვებაზე და მასზე ვერ მოხდა ტოლფასი თანამდებობის შეთავაზება, ამ შემთხვევაში განიხილება, რომ მას შეუნარჩუნდეს სამწლიანი ხელშეკრულება. ტოლფასში იგულისხმება მხოლოდ შინაარსობრივად იგივე. თუ არის რომელიმე მიმართულების ან ხელმძღვანელი, ან სპეციალისტი და ა.შ. განიხილება იგივე, თუმცა გეოგრაფიულად რამდენად მისაღები იქნება ბუნებრივია, ეს უკვე ინდივიდუალური მოლაპარაკების საგანია“, – განაცხადა ნინო კვერნაძემ.

ცნობილი ხდება, რომ რესპუბლიკური საავადმყოფოს ძირითადი სამკურნალო კორპუსის ნაცვლად, ახალი, თანამედროვე სტანდარტების, თანამედროვედ აღჭურვილი სამედიცინო ცენტრის აშენდება.

რესპუბლიკური საავადმყოფოს თანამშრომლებს შენობის დემონტაჟის გამო მთავრობა კომპენსაციებსა და სხვა კლინიკებში დასაქმებას სთავაზობს.

ჯანდაცვის მინისტრმა ზურაბ აზარაშვილმა  პრესკომფერენციაზე განაცხადა,  რომ თანამშრომლებს შესაძლებლობა ექნებათ რამდენიმე შეთავაზებიდან მათთვის სასურველი აირჩიონ.

მსგავსი თემები