დღეს რუსთავის მთავარ მოედანზე საახალწლო ნაძვის ხე აინთება

რუსთავში, თავისუფლების მოედანზე, დღეს ქალაქის მთავარი ნაძვის ხეს აანთებენ. საახალწლო ილუმინაციებით განათდება საშობაო ქალაქი, ყველა ცენტრალური გამზირი, ქუჩა, ასევე სკვერები და პარკები. საზეიმო ღონისძიება, ქალაქის მთავარ მოედანზე 20:00 საათზე დაიწყება. დღესასწაულის მთავარი თემა კვლავ რუსთავის ისტორიის გაცოცხლებაა, მთავარ ნაძვის ხეს რუსთავში წელსაც უფლისწული აანთებს.

„რუსთავში, დღეს მთავარ მოედანზე ავანთებთ ნაძვის ხეს. სამზადისი, რომელშიც მთელი მერიის გუნდი ვიყავით ჩართული, უკვე დასასრულს უახლოვდება. ყველას ვიწვევ ოჯახებთან ერთად, რადგან დღეს ძალიან ლამაზი და სასიამოვნო საღამო იქნება. სადღესასწაულო გარემო, მთავარ ნაძვის ხესთან, 7 იანვრის ჩათვლით იქნება. გაიმართება საშობაო ბაზრობა, საბავშვო-გასართობი ღონისძიებები და კონცერტები, იმისთვის, რომ საახალწლო განწყობა შევუქმნათ თითოეულ რუსთაველს“, – განაცხადა რუსთავის მერმა ნინო ლაცაბიძემ ნახევრად ზღაპრული გარემოსა და უფლისწულის გარდა, დღეს რუსთავის მთავარ ნახვის ხესთან შეკრებილებს ნატო გელაშვილის და ძმები ჭოხონელიძეების, ანსამბლ ,,თუთარჩელასა” და კამერული ორკესტრის მონაწილეობით კონცერტიც ელოდებათ.

31 დეკემბრის ღამის 11 საათიდან კი გალა-კონცერტი დაიწყება, რომელშიც მონაწილეობას თბილისის ოპერისა და ბალეტის ორკესტრი, ანსამბლი ,,ერისიონი”, ,,შვიდკაცა”, ეკა მამალაძე, ნუკრი კაპანაძე და სხვა ცნობილი ქართველი მომღერლები მიიღებენ. გალა-კონცერტს ჯგუფი ,,რეგიონი” დაასრულებს.

მსგავსი თემები