პარლამენტში იურიდიული პირების მიერ პარტიების დაფინანსების აკრძალვასთან დაკავშირებული ცვლილებების განხილვა დაიწყო

იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა პირველი მოსმენით, დაჩქარებული წესით,  „მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების შესახებ“ კანონში ცვლილება განიხილა.

პროექტის თანახმად, პოლიტიკური პარტიები ვეღარ დაფინანსდებიან იურიდიული პირების მიერ. ასევე, წინა წლის მთლიანი შიდა პროდუქტის 0.05%-დან 0.04%-მდე მცირდება პარტიის მიერ წლის განმავლობაში გაწეული ხარჯების დასაშვები საერთო ოდენობის ზედა ზღვარი.

მომხსენებლის, იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილის, დავით მათიკაშვილის განცხადებით, კანონში ცვლილების მიღებით გათვალისწინებული იქნება  ვენეციის კომისიის მიერ 2023 წლის 12 ივნისს გამოქვეყნებული რეკომენდაცია „დეოლიგარქიზაციის შესახებ“.

„ჩვენი ქვეყანა ევროპელი პარტნიორებისგან ძალიან მალე ელოდება პოლიტიკურ გადაწყვეტილებას კანდიდატის სტატუსის მინიჭებასთან დაკავშირებით.  ამ საკითხის შემადგენელი ნაწილი, ჯერ კიდევ 12-პუნქტიან გეგმასთან მიმართებით, ჩვენი ევროპელი კოლეგების მიერ შემოთავაზებული  იყო დეოლიგარქიზაციის პუნქტი. ამ პუნქტის  შესასრულებლადაც კონკრეტული ნაბიჯები გადაიდგა და ჯერ კიდევ პირველ კანონპროექტში, რომელიც უკრაინულის ანალოგი იყო და  პერსონალურ მიდგომებს გულისხმობდა, მოიაზრებდა მოჭარბებული ძალაუფლების მქონე პირებისგან საარჩევნო პროცესების დაცვა. თუმცა, ჩვენი ევროპელი კოლეგების ხედვა შემდეგ შეიცვალა და ნაცვლად პერსონალური მიდგომებისა ინსტიტუციურ მიდგომებზე ყურადღების გამახვილება იქნა შემოთავაზებული, როგორც ჩვენთვის, ასევე სამეულში  შემავალი დანარჩენი ქვეყნების – მოლდოვისთვის და უკრაინისთვის. ამის შემდეგ,  ვენეციის კომისიამ   გასცა დასკვნა დეოლიგარქიზაციის თაობაზე, რის საფუძველზეც  საქართველოს მთავრობამ შეიმუშავა დეოლიგარქიზაციის სტრატეგია. სტრატეგიის  შემადგენელი ნაწილია საარჩევნო პროცესებზე  კიდევ უფრო მეტი ყურადღების გამახვილება იმ კუთხით, რომ მოჭარბებული ძალაუფლების მქონე პირებმა ვერ შეძლონ და მოჭარბებული გავლენა ვერ მოახდინონ საარჩევნო პროცესებზე.  ვენეციის კომისიის დასკვნა პირდაპირ მიუთითებს, რომ ამ მიზნით იურიდიულ პირებს უნდა აეკრძალოთ პოლიტიკური პარტიების დაფინანსება  – ეს პირდაპირი ჩანაწერია ამ დასკვნაში. შესაბამისად, მთავრობის მიერ გამოცხადებული სტრატეგიიდან გამომდინარე, ჩვენ მივიღეთ გადაწყვეტილება აღნიშნული ცვლილებების შემუშავების შესახებ“, – განაცხადა დავით მათიკაშვილმა.

მისივე თქმით, კანონპროექტი გულისხმობს ასევე ჯარიმას იურიდიული პირის მიერ აკრძალული შემოწირულების განხორციელებისთვის.

კანონპროექტის ინიციატორები არიან პარლამენტის წევრები: მამუკა მდინარაძე, გივი მიქანაძე, დავით მათიკაშვილი, რატი იონათამიშვილი და ირაკლი შატაკიშვილი.

მსგავსი თემები