ისრაელის თავდაცვის ძალების ცნობით, წითელ ზღვაში იემენელმა ჰუსიტებმა სატვირთო ხომალდი გაიტაცეს

ისრაელის თავდაცვის ძალებში აცხადებენ, რომ იემენელმა ჰუსიტებმა წითელ ზღვაში სატვირთო ხომალდი გაიტაცეს. ამის შესახებ Times of Israel წერს.

არსებული ინფორმაციით, ბაჰამის დროშის ქვეშ მოცურავე გემი Galaxy Leader ბრიტანულ კომპანიაზეა გაფორმებული, რომლის წილიც ერთ-ერთ ისრაელ ბიზნესმენს ეკუთვნის.

ხომალდი თურქეთიდან ინდოეთში მიცურავდა, ეკიპაჟის 52 წევრს შორის კი უკრაინის, ბულგარეთის, ფილიპინების და მექსიკის მოქალაქეები არიან. გატაცების დროს ხომალდი იაპონურ კომპანიას ჰქონდა იჯარით აღებული.

ისრაელის თავდაცვის ძალებში განაცხადეს, რომ გემის გატაცება „გლობალური მასშტაბის ძალიან სერიოზული ინციდენტია“.

ჰუსიტები იემენში ირანის მხარდაჭერით მოქმედებენ. 2014 წლიდან ისინი იემენის დედაქალაქ სანას და ქვეყნის ნაწილს აკონტროლებენ. მათ პირობა დადეს, რომ წითელ ზღვაში მოცურავე ისრაელთან დაკავშირებული ხომალდები მათი სამიზნე გახდებოდა.

მსგავსი თემები