,,თუ ოდნავ შერჩა ღირსება, კეთილი ინებოს, გადადგეს და შეუერთდეს ჩახდილებს”- ზარქუა ზურაბიშვილზე

,,რა შევაფასოთ, ვერ არის კარგად. აცდენილია რეალობას, მავნებლობს და მავნებლობა უკვე გადაუვიდა შეურაცხყოფებში,”- ასე ეხმაურება ქართული ოცნების დეპუტატი ირაკლი ზარქუა საქართველოს პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილის ინტერვიუს Le Monde-სთან.

მისი თქმით, პრეზიდენტს ”თუ ოდნავ შერჩა ღირსება და ადამიანობა, კეთილი ინებოს, გადადგეს და შეუერთდეს ჩახდილებს და რადიკალებს.”

,,რა შევაფასოთ, ვერ არის კარგად. აცდენილია რეალობას, მავნებლობს და მავნებლობა უკვე გადაუვიდა შეურაცხყოფებში, რასაც აკეთებს. თქვენ თუ მოგეცათ შესაძლებლობა, იქნებ ჰკითხოთ ქალბატონ სალომეს – თუ ოლიგარქს ეძახის ივანიშვილს და მის გუნდს რუსეთის ინტერესების გამტარებელს, მაშინ ჩვენი დასახელებული და არჩეულია პრეზიდენტად, ადგეს და გადადგეს, თუ ღირსება და ადეკვატურობა აქვს შენარჩუნებული, მაგრამ ვერა, სამწუხაროდ… ადეკვატურობასთან აქვს პრობლემა და-ძმას.

შეუძლებელია, შენ გუნდმა აგირჩია, ივანიშვილის გუნდმა, ბატონმა ივანიშვილმა წარგადგინა თავის დროზე, თორემ ჩვენი არჩევანი ის არ ყოფილა, გვითხრეს, რომ ეს არის სწორედ დემოკრატიის გზაზე, პლუს ევროინტეგრაციაში დაგვეხმარება, მაგრამ აღმოჩნდა, რომ მავნებლობს. თავისი განცხადებებით, გამოვიდა, ჩავიდა ევროპაში და ინტერვიუ მისცა, რომ საქართველოს პრემიერს დარწმუნებული არ ვარო, უნდა თუ არა დასავლეთიო და ამას ამბობს პრეზიდენტი, რომელიც ჩვენ ავირჩიეთ, გვერდში დავუდექით, მის ნაცვლად ჩვენ ვიყავით პლაკატებზე გაკრული და ახლა ოლიგარქს ეძახის? არაადეკვატურია, უნამუსობასთან ერთად, არაადეკვატურობა და მავნებლობა და ჩემი აზრით, თუ ოდნავ შერჩა ღირსება და ადამიანობა, კეთილი ინებოს, გადადგეს და შეუერთდეს ჩახდილებს და რადიკალებს. მათი ინტერესების გამტარებელი გახდა, სამწუხაროდ,”- განაცხადა ირაკლი ზარქუამ.

ცნობისთვის, სალომე ზურაბიშვილმა განაცხადა, რომ ქართულ პოლიტიკაში, ბიძინა ივანიშვილის გარდა, სხვა ოლიგარქი არ არის.

 

მსგავსი თემები