კონკურენციის და მომხმარებლის უფლებების კონფერენციის ფარგლებში საქართველოს საერთაშორისო ტოპ სპიკერები ეწვევიან

კონკურენციის პოლიტიკის აღსრულების და მომხმარებლის უფლებების დაცვის შესახებ II საერთაშორისო კონფერენციასთან დაკავშირებით,  2023 წლის 16-18 ნოემბერს, საქართველოს სამუშაო ვიზიტით ეწვევა: ჯორჯ ვაშინგტონის უნივერსიტეტის სამართლის სკოლის გლობალური კონკურენციის სამართლისა და პოლიტიკის პროფესორი, კონკურენციის სამართლის ცენტრის დირექტორი – უილიამ ე. კოვაჩიჩი; კონკურენციისა და მომხმარებელთა პოლიტიკის მიმართულების ხელმძღვანელი, UNCTAD – ტერესა მორეირა და OECD-ის კონკურენციის განყოფილების ხელმძღვანელი – ორი შვარცი.

კონფერენციის ფარგლებში იგეგმება – 20-მდე ქვეყნის დელეგაციის მიღება და 10-მდე სხვადასხვა ქვეყნის კონკურენციის და მომხმარებლის სექტორში მომუშავე უწყების პირველი პირის სტუმრობა. სამ დღიანი კონფერენციის ფარგლებში  9 თემატური სესია გაიმართება, სადაც 50-მდე ადგილობრივი და საერთაშორისო დარგის ექსპერტი, ერთობლივ ფორმატში კონკურენციის და მომხმარებლის უფლებების დაცვის მიმართულებით მიღებულ შედეგებსა და გამოწვევებზე იმსჯელებს. ღონისძიებაზე მოწვეულია 300-მდე სტუმარი, მათ შორის – სამთავრობო და საპარლამენტო გუნდის წევრები, ადგილობრივი და საერთაშორისო ექსპერტები, საჯარო უწყებების, მარეგულირებელი ორგანოების, აკადემიური წრის, მედიის  და ბიზნეს სექტორის წარმომადგენლები.

სამ დღიანი ღონისძიება – კონკურენციის ეროვნული სააგენტოს, ეროვნული ბანკის, სემეკის, დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახურის და კომუნიკაციების კომისიის ერთობლივი ორგანიზებით გაიმართება.

ყოველწლიური კონფერენციის „კონკურენცია და მომხმარებლის უფლებები“ მიზანია საქართველოში კონკურენციის პოლიტიკის გაძლიერება და მომხმარებლის უფლებების მექანიზმების გაუმჯობესება.

კონფერენციის შესახებ დეტალური ინფორმაცია შეგიძლიათ იხილოთ: https://ccc.gov.ge/speakers

მსგავსი თემები