გლდანის თეთრი ტბა ძალიან ცუდ მდგომარეობაშია და მერიამ, შესაძლოა, ინვესტორს აღნიშნული ადგილი ჩამოართვას. ამის შესახებ დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე თბილისის მერმა, კახა კალაძემ განაცხადა.
„ტბის ეკოლოგიური მდგომარეობა გაუარესებულია, შეინიშნება წყლის დონის კლება და წყალმცენარეების ზრდა, ეს ტბა ნაციონალური მოძრაობის ხელისუფლებაში ყოფნის დროს იყო გაყიდული, დღეს ეს სივრცე კერძო საკუთრებაა, იქ არაფერი გაკეთებულა და მხოლოდ და მხოლოდ პრობლემებია. ჩვენ ვერ დაველოდებით, რას იზამს ინვესტორი და ამ საკითხის მოკვლევას აუცილებლად დავიწყებთ ეკონომიკურ სამინისტროსთან ერთად, თუ რატომ გასხვისდა, არ ვიცნობ კონტრაქტს და არ ვიცი რა ვალდებულებებით გასხვისდა ტერიტორია, შესაძლოა, ადგილის ჩამორთმევა მოგვიწიოს. არ ვიცნობ ხელშეკრულებას და კონტრაქტს, რა ვალდებულებებით იყო გასხვისებული ეს ტერიტორია, თუმცა რა მდგომარეობაც იქ დღეს არის, კატეგორიულად მიუღებელია“, – აღნიშნა თბილისის მერმა.
კალაძემ აღნიშნა, რომ ტბის და მიმდებარე ტერიტორიის ეკოლოგიური მდგომარეობის შესაფასებლად და აღნიშნული ადგილის გაჯანსაღებისთვის, ტენდერი გამოცხადდება.
„კატეგორიულად მიუღებელია იქ არსებული მდგომარეობა, მაღალი ინტერესიდან გამომდინარე მერია აცხადებს ტენდერს – რის საფუძველზეც ღრმა კვლევები ჩატარდება სამი მიმართულებით, ესენია – ჰიდროლოგია, ნიადაგის მდგომარეობა და ატმოსფერული ჰაერის ხარისხი, რომ გავიგოთ თუ რატო ხდება ტბის დაშრობა და რა ნაბიჯები უნდა გადაიდგას, რომ აღნიშნული პრობლემა მოგვარებული იყოს. ამ კვლევების შედეგად ტბის და მიმდებარე ტერიტორიის ეკოლოგიური მდგომარეობა შეფასდება, და განისაზღვრება მისი გაჯანსაღებისთვის საჭირო ღონისძიებები“, – დასძინა მან.