ჯგუფურ ძალადობაში მხილებულ პატრულ–ინსპექტორს გირაო შეეფარდა

ახალციხეში, ჯგუფური ძალადობის ფაქტზე მხილებულ საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის პატრულ–ინსპექტორს, გიორგი იაძეს და კიდევ ერთ პირს, 10 ოქტომბერს თბილისის საქალაქო სასამართლომ, 5 000– 5 000 ლარიანი გირაო შეუფარდა. ინფორმაციას “სამხრეთის კარიბჭე” ავრცელებს.

გამოძიებით დადგინდა, რომ სამართალდამცავმა თანმხლებ პირთან ერთად, 2023 წლის 28 სექტემბერს, ახალციხეში, ბენზინგასამართი სადგურის ტერიტორიაზე, ყოფით ნიადაგზე მომხდარი შელაპარაკებისას, ფიზიკურად იძალადა მოქალაქეზე, რის შედეგადაც მიაყენა ჯანმრთელობის მსუბუქი დაზიანება.

საქართველოს პროკურატურამ საპატრულო პოლიციის თანამშრომელს ბრალდება ჯგუფურად ჩადენილი ჯანმრთელობის მსუბუქი დაზიანებისთვის, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 120-ე მუხლის მე-2 ნაწილით წარუდგინა.

დანაშაული 5 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

მსგავსი თემები