სალომე ზურაბიშვილის ვიზიტები დამაზიანებელია – შალვა პაპუაშვილი

ძალიან ცუდია, რომ პრეზიდენტის ვიზიტს, რომელზეც მას მთავრობისგან თანხმობა არ ჰქონდა, ერთადერთი შედეგი ჰქონდა, ლატვიის მხრიდან მოწოდება მივიღეთ – ჩვენ რუსეთის მიმართ სანქციები დავაწესოთ, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა განაცხადა.

მისი თქმით,  საერთო ჯამში, სალომე ზურაბიშვილის ვიზიტები დამაზიანებელია.

„ვხედავთ, რომ პრაქტიკაშიც, საერთო ჯამში დამაზიანებელია მისი ვიზიტები და ვნახეთ, რომ საერთოდ არსაიდან გაჩნდა სანქციების დაწესების საკითხი, რომელიც დიდი ხანია, დახურულია და მათ შორის გარკვეულია ყველა მხრივ როგორც ევროკავშირთან, ასევე ნატო-ს წევრ ქვეყნებთან. საქართველოში სანქციების კოორდინატორები იყვნენ ჩამოსულები ევროკავშირიდან, აშშ-იდან და არავის არანაირი შენიშვნა არ ჰქონია იმაზე, თუ რა პოლიტიკას ატარებს საქართველო სანქციებზე. ამიტომ ძალიან სამწუხაროა, რომ ჩვენ ზუსტად ის ვიხილეთ, რის გამოც მთავრობა პრეზიდენტს თანხმობას არ აძლევდა. ნაცვლად იმისა, რომ საქართველოსთვის სტატუსის მინიჭების თაობაზე უპირობო განცხადებები მოგვესმინა, მოვისმინეთ რაღაცნაირი საყვედურნარევი განცხადება, რომ საქართველომ რუსეთის მიმართ სანქციები უნდა დააწესოს“,- განაცხადა პაპუაშვილმა.

მსგავსი თემები