,,შეერთებული შტატების დღევანდელი ადმინისტრაცია, სამწუხაროდ, არ იმყოფება საქართველოსთან პარტნიორულ ურთიერთობებში”- გურამ მაჭარაშვილი

„ჩვენ გვინდა რომ, საქართველოში საზოგადოებამ იცოდეს, რომ სამწუხაროდ, დღევანდელი ადმინისტრაცია არ უყურებს საქართველოს როგორც სახელმწიფოს, არამედ უყურებს როგორც სახელმწიფოებრივ წარმონაქმნს და ამის დასტურია სალომე სამადაშვილის რამდენიმე კვირისწინანდელი განცხადება, რომელმაც გვითხრა, რომ აქ რას დავობთო – კანდიდატის სტატუსს მოგვცემენ თუ არ მოგვცემენ, ზელენსკის უნდა ჰკითხონო, ზელენსკი იღებს ამ გადაწყვეტილებასო“, – განაცხადა პოლიტიკურ ჯგუფ „ხალხის ძალის“ წარმომადგენელმა გურამ მაჭარაშვილმა  პარლამენტის პლენარულ სხდომაზე.

გურამ მაჭარაშვილის განცხადებით, სალომე სამადაშვილი  ამით პრაქტიკულად შიფრავს თავის თავსაც და რადიკალურ ოპოზიციასაც.

„ეს ხომ ჩვენი განცხადებები არ არის. თურმე კანდიდატის სტატუსს მოგვცემენ თუ არ მოგვცემენ, ამას შუალედურ რგოლს – ზელენსკის შეეკითხება შეერთებული შტატები, თან ევროკავშირზეა აქ საუბარი. რა შუაშია აქ შეერთებული შტატები, მაგრამ ამ შემთხვევაში, კიდევ ერთხელ ვიმეორებ – ის, რომ სახეზე გვაქს ჩვენ რეალური ბრძოლა გამოცხადებული საქართველოს სახელმწიფოს წინააღმდეგ, აი ეს არის ყველაზე ცუდი და ეს არის რეალობა, რაც საზოგადოებამ უნდა იცოდეს. ჩვენ არავის არ ვერჩით, ყველასთან გვინდა სტრატეგიული ურთიერთობა, მაგრამ შეერთებულ შტატებში, დარწმუნებული ვარ, რომ საზოგადოება თვითონ მიხვდება იმას, რომ რესპუბლიკელების კანდიდატს დაუჭირონ მხარი, იქნებ როგორმე ამ შემთხვევაში მაინც აღვადგინოთ ის პარტნიორული ურთიერთობები, რომლებიც აქამდე გვქონდა წლების განმავლობაში“, – განაცხადა გურამ მაჭარაშვილმა.

მისივე თქმით, მიუღებელია ასეთი დამოკიდებულება, რომ მაშინ, როდესაც საქართველოს პარლამენტზე შტურმი თურმე ყოფილა დემოკრატია და მისი ორგანიზატორი უნდა გამოვიდეს ციხიდან, ხოლო  კაპიტოლიუმზე შტურმი ამერიკაში უნდა დაისაჯოს, მათ შორის, სიკვდილით ადგილზე.

მსგავსი თემები