,,მეგობარი აღიარებს, რომ გაუვარდა თოფი”- კახეთში უბედურ შემთხვევას 33 წლის კაცი ემსხვერპლა

კახეთში, გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ ჯიმითში უბედურ შემთხვევას 33 წლის კაცი ემსხვერპლა. გავრცელებული ინფორმაციით, ლევან შიშნიაშვილი მეგობართან ერთად სანადიროდ იმყოფებოდა, რა დროსაც მისივე თანასოფლელს სანადირო თოფი შემთხვევით გაუვარდა.

მომხდარის დეტალებზე კი ერთ-ერთი ადგილობრივი „კვირის პალიტრასთან“ საუბრობს.

„ძალიან მძიმე ტრაგედია დატრიალდა ჩვენს სოფელში, გლოვობს ყველა. ჩვენი ლევანი, ჩვენი ობლად გაზრდილი ბიჭი უბედურ შემთხვევას ემსხვერპლა. ლევან შიშნიაშვილია გარდაცვლილი ახალგაზრდა, 33 წლის იყო, დაოჯახებული არ იყო, ძალიან მშრომელი ადამიანი. ვისაც იარაღი გაუვარდა ის ბიჭი ლევანის მეგობარი, მისი სტუმარი იყო, მგონი კასპიდან არის ის ბიჭი. ძმაკაცობდნენ და დღეს დილით წასულან ერთად სანადიროდ. მათთან ერთად ყოფილა კიდევ ერთი ჩვენი თანასოფლელი ახალგაზრდა. სამნი იყვნენ, სავარგულებში, მინდორში დატრიალდა ეს უბედურება. დაახლოებით 8-ის ნახევრიდან 8 საათამდე პერიოდში.

ლევანი ბავშვობიდან ნადირობდა, ძალიან უყვარდა ნადირობა, იარაღიც ჰქონდა და წასულან, გაუვარდა ტყვია მეგობარს და დაიღუპა ძალიან კარგი ახალგაზრდა იყო, ძვირფასი ადამიანი. ობლობაში გაიზარდა და სამწუხაროდ ობლის კვერი ვერ გამოცხვა. მამა გარდაეცვალათ ადრეულ ასაკში, დედა შეზღუდული შესაძლებლობისაა, ორი ძმები ნათესავების დახმარებით გაზარდა დედამ. მეზობლების, ნათესავების, ჩვენი დახმარებით გავზარდეთ ორი კარგი ბიჭი და ახლა ეს დაგვატყდა თავს. მისი ძმა დაოჯახებულია, ლევანი დასაოჯახებელი იყო, მეურნეობა აქვს სოფელში, ვენახებიც აქვს და ადგილმამულები, სულ შრომობდა. უბედურება გვჭირს ჯიმითში, ძალიან განვიცდით ამ ამბავს.

შემთხვევის ადგილზე რომ მივედი უკვე დაკითხვაზე ჰყავდათ ლევანთან ერთად მყოფები. როგორც მითხრეს, ის მეგობარი აღიარებს, რომ გაუვარდა თოფი. ახლო მანძილიდან არის ტყვია მოხვედრილი და საუბედუროდ ადგილზე გარდაიცვალა“, – ამბობს ადგილობრივი „კვირის პალიტრასთან“.

მსგავსი თემები