,,მივიღეთ გადაწყვტილება, პრეზიდენტის მიმართ აღიძრას იმპიჩმენტის პროცედურა”- ირაკლი კობახიძე

“ქართული ოცნების” თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის განცხადებით, მიიღეს გადაწყვეტილება პრეზიდენტის მიმართ აღიძრას იმპიჩმენტის პროცედურა.

,,საქართველოს კონსტიტუცია მის დარღვევაზე რეაგირების ერთადერთ ქმედით სამართლებრივ მექანიზმს ითვალისწინებს – ეს არის იმპიჩმენტი. გუშინ და გუშინწინ ჩვენ არაერთგზის აღვნიშნეთ, რომ კონსტიტუციის უხეში დარღვევის მიუხედავად, არსებულ პოლიტიკურ მოცემულობაში, იმპიჩმენტის პროცედურის სისრულეში მოყვანა შეუძლებელია. იმპიჩმენტის ბოლომდე მიყვანას ესაჭიროება 100 პარლამენტარის მხარდაჭერა და შესაბამისად, რადიკალური ოპოზიციის ხმების გარეშე, მას აღსრულების პერსპექტივა არა აქვს.

თუმცა, ამის მიუხედავად, პარტიის პოლიტიკური საბჭოს სხდომაზე მივიღეთ გადაწყვეტილება, საქართველოს პრეზიდენტის მიმართ აღიძრას იმპიჩმენტის პროცედურა. უპირველეს ყოვლისა, ეს არის ჩვენი პასუხისმგებლობა საქართველოს კონსტიტუციის წინაშე. ნებისმიერი თვალის დახუჭვა საქართველოს კონსტიტუციის უხეშ დარღვევაზე ძირს უთხრის სამართლებრივ სახელმწიფოს, სამართლის უზენაესობასა და დემოკრატიულ კონსტიტუციურ სისტემას, რასაც ჩვენ ვერ დავუშვებთ.

გარდა ამისა, იმპიჩმენტის პროცედურა კიდევ ერთხელ გააშიშვლებს რადიკალური ოპოზიციისა და სალომე ზურაბიშვილის საერთო დღის წესრიგს, რომელიც საქართველოს სახელმწიფო ინტერესების, მათ შორის საქართველოს მიერ კანდიდატის სტატუსის მიღების წინააღმდეგ არის მიმართული.

იმპიჩმენტის პროცედურის აღსაძრავად, უახლოეს დღეებში შეგროვდება საპარლამენტო უმრავლესობის წევრთა ხელმოწერები და საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოში შევა შესაბამისი კონსტიტუციური წარდგინება,”- განაცხადა კობახიძემ.

ცნობისთვის, პრეზიდენტის ადმინისტრაციამ 30 აგვისტოს გაავრცელა ინფორმაცია, რომ სალომე ზურაბიშვილი 31 აგვისტოდან ევროპელ ლიდერებთან შეხვედრებს იწყებდა. პრეზიდენტის ადმინისტრაციაში განაცხადეს, რომ შეხვედრები კანდიდატის სტატუსს უკავშირდება.

მოგვიანებით საქართველოს მთავრობამ გაავრცელა განცხადება, რომელშიც ნათქვამია, რომ სალომე ზურაბიშვილს საქართველოს მთავრობის განკარგულებით, 2023 წლის 3 აგვისტოს ოფიციალურად, წერილობით ეთქვა უარი გერმანიაში ვიზიტზე. ამასთან, პრეზიდენტს სხვა სამუშაო ვიზიტებზეც უარი ეთქვა.

მსგავსი თემები