სტიქიის ზონაში თავდაცვის ძალები ხუთ ლოკაციაზე მუშაობენ – გამოიყენეს მეტალო-დეტექტორებიც

თავდაცვის ძალების სამხედრო მოსამსახურეები შოვში მიმდინარე სამძებრო და სამაშველო სამუშაოებს აქტიურად განაგრძობენ.

საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ცნობით, სტიქიის ზონაში სამხედრო მოსამსახურეები ხუთ ლოკაციაზე განაგრძობენ მუშაობას. მათ მეწყრული მასის ზედაპირზე რამდენჯერმე ააწყვეს ქვეითი ხიდები, საჭირო გახდა ხიდების სხვადასხვა ლოკაციებზე გადატანაც.

,,სამძებრო პროცესში სამხედროებმა მეტალო-დეტექტორებიც გამოიყენეს, რაც აიოლებს მეწყრულ მასაში მოყოლილი ტექნიკის ლოკაციების დადგენას. ადგილზე მობილიზებულია თავდაცვის ძალების მძიმე ტექნიკა და აღჭურვილობა. სამძებრო-სამაშველო სამუშაოებში ჩართული არიან აღმოსავლეთისა და დასავლეთის სარდლობების სამხედრო მოსამსახურეები, საბრძოლო-საინჟინრო ქვედანაყოფები, ლოჯისტიკური უზრუნველყოფის სარდლობა და ეროვნული გვარდიის მე-10 კადრირებული ბრიგადის 102-ე ტერიტორიული თავდაცვის ბატალიონი. სამხედრო მოსამსახურეები შსს-ს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის მაშველების მხარდამჭერ ღონისძიებებს აქტიურად ახორციელებენ”, – ნათქვამია თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციაში.

მსგავსი თემები