ჩვენ არ გვყავს ბატონები, არ გვჭირდება ბატონები, გვჭირდება მეგობრები და სტრატეგიული პარტნიორები – კახა კალაძე

ჩვენ არ გვყავს ბატონები, არ გვჭირდება ბატონები, გვჭირდება მეგობრები და სტრატეგიული პარტნიორები, ეს არის კოლექტიური „ნაცების“ აზროვნება და მათი დამოკიდებულება საქართველოსა და ჩვენი ხალხის მიმართ, – ასე ეხმაურება თბილისის მერი, კახა კალაძე „სტრატეგია აღმაშენებლის“ წევრის, პაატა მანჯგალაძის განცხადებას.

მისი თქმით, მოსახლეობა ხედავს, რას აკეთებს „ქართული ოცნება“ და რამდენად მნიშვნელოვანია ის პრაგმატული პოლიტიკა, რომელსაც ატარებენ.

„ჩვენ ერთი რამ უნდა გავითვალისწინოთ და გავიგოთ, ეს ადამიანები არიან ამ მსოფლმხედველობის და ვიცით, წლების განმავლობაში როგორი იყო მათი დამოკიდებულება სამშობლოს მიმართ, საქართველოს ინტერესები როგორ იყო გათვალისწინებული ყველამ ვნახეთ და გამოიკვეთა კონკრეტულ ქმედებებში. დღესაც ასეა, ვხედავთ მათ ქმედებებს. ესენი არიან ადამიანები, რომლებსაც ცნება სამშობლო რა არის, ვერ გაუთავისებიათ და არ იციან. ესენი არიან ადამიანები, რომლებსაც აქვთ მონური აზროვნება. ადამიანები, რომლებისთვისაც ამერიკის შეერთებული შტატები არის ბატონი, ევროპა არის ბატონი. ჩვენ არაერთხელ გვითქვამს და ვფიქრობთ, ყველა იმ ადამიანს, ვისაც ამ ქვეყნის წარმატება უხარია და ამაყობს იმით, რომ არის ქართველი, ბატონები არ გვჭირდება. ჩვენ გვჭირდება პარტნიორები, მეგობრები, სტრატეგიული პარტნიორები.

როდესაც საუბარია ამერიკაზე, თითქოს ისინი არიან ბატონები, ეს დამოკიდებულება ჩემთვის კატეგორიულად მიუღებელია. ჩვენ არ გვყავს ბატონები, არ გვჭირდება ბატონები, გვჭირდება მეგობრები და სტრატეგიული პარტნიორები. ეს არის კოლექტიური „ნაცების“ აზროვნება, მათი დამოკიდებულება საქართველოსა და ჩვენი ხალხის მიმართ. დღეს ხომ წარმოგიდგენიათ, ეს ადამიანები რომ იყვნენ ხელისუფლებაში, რა უბედურება იქნებოდა საქართველოში. ამიტომ, მოსახლეობა ხედავს, რას აკეთებს „ქართული ოცნება“ და რამდენად მნიშვნელოვანია ის პრაგმატული პოლიტიკა, რასაც ჩვენ ვატარებთ იმისთვის, რომ შევინარჩუნოთ მშვიდობა, მოხდეს ეკონომიკური განვითარება და ის ევროპული მომავალი, რომელიც ქართველ ხალხს აქვს არჩეული, ამ გზაზე ვიაროთ გამართულად“, – განაცხადა კახა კალაძემ.

 

მსგავსი თემები