კახა კალაძე „ნაცმოძრაობის“ შიდა პროცესებზე: რეალურად პარტიის ხელმძღვანელები დღეს მერაბიშვილ-კეზერაშვილის დუეტია

„ჯერ კიდევ, როდესაც ხაბეიშვილი მოიაზრებოდა პოლიტიკური პარტიის თავმჯდომარედ, როდესაც გადაწყვეტილი ჰქონდათ ნიკა მელიას „გაწევა“, რა თქმა უნდა, აქ მთავარი ფიგურანტი იყო მერაბიშვილი-კეზერაშვილის დუეტი“. ასე უპასუხა დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ ჟურნალისტის კითხვას, რომელიც „ნაციონალური მოძრაობის“ შიგნით შესაძლო დაპირისპირებას და პარტიის არაფორმალური მართვის თემას ეხებოდა.

კახა კალაძის თქმით, ნიკა მელიას სამომავლო გეგმები უცნობია, თუმცა ყველასთვის აშკარაა „ნაციონალურ მოძრაობაში“ არსებული შიდა დაპირისპირება.

„ნიკა მელია მთლიანად ასოცირდებოდა „ნაციონალურ მოძრაობასთან“, ყველა არჩევნებზე ამ პარტიის სახელით გამოდიოდა. ყველა ის ცვლილება, რაც განხორციელდა მისი გადაყენებით, ხაბეიშვილის არჩევით, შიდა დაპირისპირების ფონზე მიმდინარეობდა. როგორც იკვეთება, არ ერიდებიან და ერთმანეთს პირდაპირი ეთერიდან ესაუბრებიან. ვერ გეტყვით, თუ რა გადაწყვეტილებას მიიღებს ნიკა მელია, რა დამოკიდებულება და განწყობა ექნება მომავალში „ნაციონალურ მოძრაობასთან“, ისევ მას უნდა ჰკითხოთ. თვითონაც არ ერიდებათ და ღიად საუბრობენ ამ ყველაფერზე.

პარტიაში მთავარი ფიგურანტი მერაბიშვილი-კეზერაშვილის დუეტი იყო. ხაბეიშვილი მათ ჰყავდათ ფიგურად, რომელსაც წარმოაჩენდნენ თავმჯდომარედ. რეალურად, პარტიის ხელმძღვანელობაში დღეს მერაბიშვილ-კეზერაშვილის დუეტია. პარტიაში მიმდინარე შიდა პროცესებს ყველა კარგად ვხედავთ. უბრალოდ, არ მინდა სხვა პოლიტიკური პარტიის შიდა თემებში ჩავერიო, ეს მათი პრობლემაა. მათი გადასაწყვეტია, თუ რას გააკეთებენ, როგორ იმოქმედებენ და როგორ გააგრძელებენ მუშაობას“, – განაცხადა კახა კალაძემ.

მსგავსი თემები