მიხეილ სააკაშვილი მზადაა, ყველა მიიღოს, ყველას შეხვდეს და ყველას დაელაპარაკოს

პატიმრობაში მყოფი მიხეილ სააკაშვილის პირადი წარმომადგენელი სოფო ჯაფარიძე აცხადებს, რომ მიხეილ სააკაშილი ყველა დაინტერესებულ ადამიანს შეხვდება, ვისაც ამისი სურვილი აქვს. ჯაფარიძის განცხადებით, უნდა შეიქმნას ერთობლივი პლატფორმა, რომელიც გამარჯვებაზე იქნება ორიენტირებული.

„დღეს, როდესაც ქვეყნის მესამე პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი რუსეთის ტყვეობაში იმყოფება, დაუშვებელია ერთმანეთს ქვები ვესროლოთ. ვფიქრობ, რომ დღეს ძალიან მნიშვნელოვანია ერთობა, ისეთი მნიშვნელოვანი, როგორც არასდროს. ჩვენ ყველანი უნდა ვიყოთ ორიენტირებული იმაზე, რომ მიხეილ სააკაშვილი დავიხსნათ რუსეთის ტყვეობიდან და ვუშველოთ ჩვენს ქვეყანას, რომელიც უდიდეს კრიზისშია. ჩვენ, გამარჯვებულ უკრაინასთან ერთად უნდა მოვახერხოთ და აუცილებლად დავიხსნათ მიხეილ სააკაშვილი“ – აცხადებს ჯაფარიძე.

მისივე შეფასებით, წყენა და უთანხმოება ყველამ უნდა დაივიწყოს.

„ყველამ უნდა გადავდოთ გვერდით პირადი ამბიციები და ერთად უნდა ვიბრძოლოთ. ყველამ თითო აგური უნდა დავდოთ ჩვენი ქვეყნის აღმშენებლობისთვის. მიხეილ სააკაშვილი მზად არის, მიიღოს ყველა პოლიტიკური პოზიციის და განსხვავებული აზრის მქონე ადამიანები, ჩვენ უნდა გავერთიანდეთ და შევქმნათ დიდი გამარჯვების, საქართველოს გამარჯვების პლატფორმა“,- განაცხადა ჯაფარიძემ.

 

მსგავსი თემები