აქონდროპლაზიის მქონე ბავშვების მშობლები 24 ივლისს კანცელარიასთან განცხადებას გააკეთებენ

აქონდროპლაზიის მქონე ბავშვების მშობლები ჯანდაცვის სამინისტროს დაპირებული ვადის გადაცილებაში ადანაშაულებენ.

მშობლები ეჭვობენ, რომ ბავშვებისთვის საჭირო მედიკამენტი ქვეყანაში სექტემბრისთვის შემოტანილი არ იქნება.

აქონდროპლაზიის მქონე ბავშვების მშობლებმა გუშინ, 22 ივლისს განცხადებაც გაავრცელეს, რომელშიც ამბობდნენ, რომ დრო იწელება გულგრილობისა თუ არაეფექტური მუშაობის გამო.

მშობლები 24 ივლისს კანცელარიასთან განცხადებას გააკეთებენ.

“წინა სხდომაზე მინისტრის მოადგილემ განაცხადა, რომ 15-დან 20 ივლისამდე დამტკიცდებოდა აქონდროპლაზიის პროტოკოლი და ამავე პერიოდში ჩაინიშნებოდა მორიგი საბჭო, სადაც უკვე მედიკამენტის დანერგვის შესახებაც მეტ ინფორმაციას მოგვაწვდიდნენ.

სამწუხაროდ, 15-დან 20 ივლისამდე პერიოდში არათუ არ დაინიშნა საბჭო და არ დამტკიცდა პროტოკოლი, არამედ, საქმის კურსშიც არ ჩაგვაყენეს, ვადის გადაცილებასთან დაკავშირებით.

გვესმის, რომ ზაფხულია და შვებულებების პერიოდიც, თუმცა, სახელმწიფოს მხრიდან პირობის დარღვევასა და კომუნიკაციის უქონლობას არ აქვს გამართლება და იწვევს დიდ უნდობლობას.

ბავშვები სექტემბერში მედიკამენტს ელიან და ახლა დასვენება და მოდუნება მათი იმედების გაუცრუების ხარჯზე, დაუშვებელია.

ჩვენ, მშობლები რამდენიმე თვეა მოთმინებისა და კონსტრუქციული თანამშრომლობის რეჟიმში ვართ, თუმცა ამგვარი უგულებელყოფა და უპასუხისმგებლობა გვაიძულებს, მივმართოთ მეტად ხისტ ზომებს.

ორშაბათს, 11:00 საათზე, კანცელარიის შენობასთან გავმართავთ ბრიფინგს და განვაცხადებთ, რა კონკრეტულ ვადას მივცემთ სახელმწიფოს, დაგვისახელოს კონკრეტული თვე, როდის დანერგავს მედიკამენტს.

ჩვენთვის დრო კრიტიკულად მნიშვნელოვანია და გვაქვს გონივრული ეჭვი, რომ ეს დრო იწელება გულგრილობისა თუ არაეფექტური მუშაობის გამო”, – ნათქვამია განცხადებაში.

შეგახსენებთ, რომ აპრილი-მაისში აქონდროპლაზიის მქონე ბავშვების მშობლებმა შვილებისთვის საჭირო მედიკამენტის საქართველოში შემოტანისა და დაფინანსების მოთხოვნით არაერთი აქცია გამართეს, რამდენიმე დღის განმავლობაში ისინი ღამეებს ქუჩაში ათევდნენ.

აქციები 5 მაისს, მას შემდეგ შეწყდა, რაც მშობლებსა და ჯანდაცვის სამინისტროს შორის მოლაპარაკებები დაიწყო.

მსგავსი თემები