ზელენსკი სტოლტენბერგს უკრაინა-ნატოს საბჭოს სხდომის დაუყოვნებლივ მოწვევას სთხოვს

უკრაინის პრეზიდენტი ნატოს გენერალურ მდივანს, შავ ზღვაში რუსეთის აგრესიული ქმედებების გამო, უკრაინა-ნატოს საბჭოს სხდომის დაუყოვნებლივ მოწვევას სთხოვს. ამის შესახებ ვოლოდიმირ ზელენსკიმ საღამოს ვიდეომიმართვისას განაცხადა.

“მე მივმართე იენსს წინადადებით, სასწრაფოდ მოიწვიოს საბჭო ასეთი კრიზისული კონსულტაციებისთვის. შეხვედრა რამდენიმე დღეში გაიმართება. ჩვენ შეგვიძლია დავძლიოთ უსაფრთხოების კრიზისი შავ ზღვაში”, – განაცხადა სახელმწიფოს მეთაურმა.

არსებული ინფორმაციით, ზელენსკიმ და სტოლტენბერგმა შავ ზღვაში არსებულ ვითარებასა და იმ რისკებზე ისაუბრეს, რომელიც გლობალურ სასურსათო უსაფრთხოებას ემუქრება მარცვლეულის დერეფნის შეთანხმებიდან, რუსეთის გასვლის შემდეგ.

შეგახსენებთ, რომ უკრაინა-NATO-ს საბჭო ვილნიუსის სამიტზე შეიქმნა და პირველი სხდომაც 12 ივლისს გაიმართა.

მსგავსი თემები