ექიმებისგან დასტური როცა გვექნება, გადაყვანილი იქნება პენიტენციურ დაწესებულებაში – რატი ბრეგაძე

ჩვენ ყოველთვის ვმოქმედებდით ექიმების რეკომენდაციების შესაბამისად, ექიმებისგან დასტური როდესაც გვექნება, რა თქმა უნდა, პატიმარი სააკაშვილი გადაყვანილი იქნება პენიტენციურ დაწესებულებაში, – ამის შესახებ საქართველოს იუსტიციის მინისტრმა, რატი ბრეგაძემ განაცხადა.

მისი თქმით,  სააკაშვილს შექმნილი აქვს ყველა პირობა, რათა მისი, როგორც პატიმრის, ყველა უფლება დაცული იყოს.

„მოწადინებული ვართ, ამ ადამიანის ჯანმრთელობა იყოს შესაბამის მდგომარეობაში, ისევე როგორც ნებისმიერ სხვა პატიმართან მიმართებაში, ჩვენი სურვილია, მათ ჰქონდეთ სათანადო ჯანმრთელობა, მათი ჯანმრთელობისა და სიცოცხლის უფლება იყოს სათანადოდ უზრუნველყოფილი. ამას, რა თქმა უნდა, ალტერნატივა არ აქვს და თამამად შემიძლია, ვთქვა, რომ ალბათ ერთ-ერთი ყველაზე მეტად მოწადინებული იმაზე, რომ მიხეილ სააკაშვილი იყოს ჯანმრთელად, ვართ ჩვენ, თუნდაც იმ მარტივი მიზეზიდან გამომდინარე, რომ ის პატიმრობაში იმყოფება და, შესაბამისად, რა თქმა უნდა, პასუხისმგებელი ვართ ჩვენ“, – განაცხადა ბრეგაძემ პირველი არხის ეთერში.

მსგავსი თემები