„მარეგულირებელი ნორმების სრულყოფის მიზნით, სემეკი ღიაა ყველა დაინტერესებულ პირთან თანამშრომლობისთვის“- დავით ნარმანია

საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის (სემეკ) თავმჯდომარემ, დავით ნარმანიამ სემეკის 2022 წლის საქმიანობის ანგარიში წარადგინა. ღონისძიებას ესწრებოდნენ საკანონმდებლო და აღმასრულებელი უწყებების, ელექტროენერგეტიკის, ბუნებრივი გაზის და წყალმომარაგების სექტორებში მოქმედი კომპანიების, საერთაშორისო, დონორი და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები.

დავით ნარმანიამ ისაუბრა ენერგეტიკისა და წყალმომარაგების სექტორების განვითარებისათვის 2022 წელს სემეკის მიერ შემუშავებული რეგულაციების შედეგებზე:

„2022 წელი მნიშვნელოვანი იყო მარეგულირებელი კომისიისათვის. ენერგეტიკულ ბაზრებზე რეფორმირების პროცესში სემეკმა შეიმუშავა არაერთი ნორმატიული აქტი. აქტიურად ვმუშაობდით მარეგულირებელ ნორმებზე, რომლებიც რეგულირებად სექტორებში მოქმედი კომპანიებისათვის წარმოადგენს სახელმძღვანელო პრინციპებს. ეფექტიანი იყო კომისიის საქმიანობა კომუნალური სერვისების გამარტივებისა და მომხმარებელთა უფლებების დაცვის კუთხით. გასული წლის განმავლობაში სემეკმა მოქალაქეებს ჩამოაწერა უსაფუძვლოდ დარიცხული და ხანდაზმული დავალიანებები, ჯამში ჩამოწერილია მილიონ ლარზე მეტი“, – აღნიშნა დავით ნარმანიამ.

მისივე თქმით, ენერგეტიკისა და წყალმომარაგების სექტორების განვითარების, მარეგულირებელი ნორმების სრულყოფის მიზნით სემეკი ღიაა ყველა დაინტერესებულ პირთან თანამშრომლობისთვის:  „სემეკის ამოცანაა, დაიცვას ბალანსი კომუნალურ კომპანიებსა და მომხმარებლებს შორის. საქართველოს ყველა მოქალაქემ უნდა იცოდეს სემეკის ფუნქციების შესახებ, მომხმარებლებმა უნდა იცოდნენ, რომ შეუძლიათ მომართონ სემეკს, თუ კომპანიების მხრიდან ადგილი აქვს მათი უფლებების დარღვევას“, – განაცხადა სემეკის თავმჯდომარემ.

დავით ნარმანიამ ისაუბრა ენერგეტიკის სასწავლო ცენტრზე: „სემეკის ერთ-ერთი პრიორიტეტული მიმართულებაა ენერგეტიკისა და წყალმომარაგების საკითხებზე საზოგადოების ცნობიერების ამაღლება და ინფორმირებულობის გაზრდა. სწორედ ამ მიზნით, ჩემი ინიციატივით, გასულ წელს ჩამოვაყალიბეთ სემეკთან არსებული ენერგეტიკის სასწავლო ცენტრი, რომელიც ხელს უწყობს სხვადასხვა დაინტერესებული ჯგუფების გადამზადებას რეგულირებად სექტორებთან დაკავშირებულ ყველა მნიშვნელოვან თემაზე. დღემდე, ცენტრს უკვე 1000-მდე კურსდამთავრებული ჰყავს, რაც კიდევ უფრო მეტ სტიმულს გვაძლევს, რომ მსმენელებს
შევთავაზოთ ახალი სასწავლო კურსები,“ – აღნიშნა დავით ნარმანიამ.

ღონისძიებაზე სემეკის თავმჯდომარემ ისაუბრა 2023 წლის გეგმებზე და აღნიშნა მარეგულირებელი კომისიის როლი ენერგეტიკისა და წყალმომარაგების სექტორებში ინოვაციური მიდგომების განვითარებაში. მისი თქმით, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროსთან ერთად, სემეკი აქტიურადაა ჩართული მწვანე წყალბადის განვითარებასა და განახლებადი ენერგიების ეფექტიანი ათვისების საკითხებში.

მსგავსი თემები