ზელენსკის გადაწყვეტილებას არანაირი საფუძველი არ აქვს – შალვა პაპუაშვილი

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის, შალვა პაპუაშვილის განცხადებით, უკრაინის პრფეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის გადაწყვეტილებას არანაირი საფუძველი არ აქვს.

მისი თქმით,  სტრასბურგის სასამართლომ დაადასტურა, რომ ადგილი ჰქონდა დეზინფორმაციულ კამპანიას, თითქოს სააკაშვილის მიმართ ხდება არადაამიანური მოპყრობა, წამება, არასაკმარისი სამედიცინო სერვისის მიწოდება.

,,ფაქტია, რომ რა თქმა უნდა, ამ გადაწყვეტილებას არანაირი საფუძველი არ აქვს, პირიქით, სულ ცოტა ხნის წინ სტრასბურგის სასამართლომ, სასამართლო აქტის დონეზე, ყველაზე ავტორიტარულმა სასამართლომ დაადასტურა, რომ ეს იყო წელიწად-ნახევრიანი დეზინფორმაციული კამპანია, თითქოს სააკაშვილის მიმართ არის არასათანადო მოპყრობა, წამება, არასაკმარისი სამედიცინო სერვისის მიწოდება. სამწუხაროა, რომ პრეზიდენტმა ზელენსკიმ თავის განცხადებაში ფაქტობრივად კითხვის ნიშნის ქვეშ დააყენა სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილება, ეს უპირველეს ყოვლისა საზიანოა თავად უკრაინისთვის. უკრაინას დღეს რაც ყველაზე ნაკლებად სჭირდება არის ის, რომ ეჭვქვეშ დააყენოს ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს და ზოგადად სხვა საერთაშორისო ინსტიტუტების გადაწყვეტილებები, ვინაიდან, უკრაინას გარდა სამხედრო ომისა მოსაგები აქვს სამართლებრივი ომი და ბრძოლა რუსეთთან და თუ კი ის თავად და მისი პრეზიდენტი კითხვის ნიშნის ქვეშ დააყენებს სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებებს, ეს რა თქმა უნდა არ მიეშველება უკრაინას ამ ბრძოლაში. ამიტომ, უპირველეს ყოვლისა, ეს გადაწყვეტილება თავად უკრაინისთვისვე არის საზიანო ამ განზომილებით”, – განაცხადა პაპუაშვილმა.

მსგავსი თემები