საფრანგეთში არეულობის ფონზე, ემანუელ მაკრონი სოციალურ მედიას ძალადობის გაღვივებაში ადანაშაულებს – მედია

საფრანგეთში არეულობის ფონზე, ქვეყნის პრეზიდენტი ემანუელ მაკრონი სოციალურ მედიას ძალადობის გაღვივებაში ადანაშაულებს, – ამის შესახებ ინფორმაციას „პოლიტიკო” ავრცელებს.

გამოცემის ცნობით, მთავრობის საგანგებო სხდომის შემდეგ მაკრონმა თქვა, რომ სოციალურ მედიაში მოეწყო „ძალადობრივი შეკრებები“, რომლებიც დაკავშირებულია 17 წლის მოზარდის გარდაცვალებასთან და „ეს ერთგვარი სიმულაციური ძალადობაა.”

მაკრონის თქმით, ახალგაზრდები, რომლებიც არეულობებში მონაწილეობენ, „ვიდეოთამაშების ცხოვრებით ცხოვრობენ, რამაც ისინი რეალობას ჩამოაშორა.“

საფრანგეთის პრეზიდენტმა ტექნოლოგიურ კომპანიებს მოუწოდა, წაშალონ ძალადობრივი შინაარსის ტექსტები და მიაწოდონ სამართალდამცავებს ინფორმაცია მომიტინგეების შესახებ, რომლებიც იყენებენ სოციალურ მედიას არეულობის გასაღვივებლად.

„მე ველოდები, რომ ეს პლატფორმები პასუხისმგებელნი იქნებიან”, – თქვა მაკრონმა.

როგორც „პოლიტიო“ წერს, ფრანგულმა სატელევიზიო არხმა, BFMTV-მა ჩაატარა კვლევა, რომელმაც აჩვენა, რომ ზოგიერთმა სოციალურმა ქსელმა, როგორიცაა TikTok-ი, გაავრცელა ვიდეო ჰეშთეგებით, რომლებიც დაკავშირებულია ძალადობრივ ქმედებებთან. მედიის ცნობითვე, პოლიციამ დაადასტურა, რომ პროტესტი კოორდინირებული იყო მესენჯერების საშუალებით, როგორებიცაა WhatsApp-ი და Telegram-ი.

მსგავსი თემები