,,სისტემამ თითქმის 3 თვე იმუშავა ხარვეზების გარეშე”- ლაშა ფურცხვანიძის ადვოკატი ”მედიაცენტრ მთავარში”

,,კომპანიის დირექტორს ბრალდება ედავება, რომ კომპანიამ უხარისხოდ შეასრულა სამუშაოები, თუმცა, საინჟინრო ექსპერტის დასკვნით დადგენილია, რომ რეაბილიტაციის საინჟინრო პროექტსა და შესრულებულ სამუშაოებს შორის რაიმე შეუსაბამობა რაც ტრაგედიის მიზეზი გახდებოდა გამოვლენილი არ არის,”- ამის შესახებ ვაკის პარკში 2022 წლის 13 ოქტომბრის ტრაგედიის საქმეზე დაკავებული ლაშა ფურცხვანიძის ადვოკატმა ”მედიაცენტრ მთავარში” განაცხადა.

როგორც არჩილ ჩოფიკაშვილმა განმარტა, შპს ,,გრინსერვის+’’-ის მიერ შეძენილი შადრევნისათვის საჭირო ელექტრომოწყობილობები და მაკომპლექტებელი დეტალები ქარხნის სპეციალისტმა დაამონტაჟა. მისივე თქმით, სისტემამ თითქმის 3 თვე იმუშავა ხარვეზების გარეშე.

,,შპს ,,გრინსერვის+’’-მა შადრევნისათვის საჭირო ელექტრომოწყობილობები და მაკომპლექტებელი დეტალები შეიძინა ცნობილი კომპანიის Guangdong Water Space Intelligent Technology Co., LTD-  საგან მონტაჟის, ექსპლუატაციაში გაშვების და გარანტიის პირობით. შადრევნის სისტემა დაამონტაჟა და ექსპლუატაციაში გაუშვა ქარხნის სპეციალისტმა. სისტემამ თითქმის 3 თვე იმუშავა ხარვეზების გარეშე. გამოძიების და სასამართლო განხილვების დროს პროკურატურამ არ გადადგა არც ერთი ნაბიჯი შადრევნის სისტემის მონტაჟის ავტორის, ქარხნის ინჟინერის ან, რომელიმე წარმომადგენლის გამოსაკითხად. შესრულებულ სამუშაოებს ეტაპობრივად მუნიციპალიტეტის ლაბორატორია იბარებდა, ადასტურდებდა შესაბამისობას უსაფრთხოების ნორმებთან და გასცემდა შემდგომი სამუშაოების ნებართვას,”- განაცხადა ადვოკატმა ”მედიაცენტრ მთავარში”.

მსგავსი თემები