,,ჩვენი სწორი პოლიტიკით, შედეგზე გათვლილი, ორიენტირებული პოლიტიკით მივაღწევთ ჩვენი ქვეყნის გამთლიანებას”- ირაკლი ღარიბაშვილი

,,კარგად ვიცი, თუ რაოდენ დიდია ის ტკივილი, რომელიც ჩვენ ამ ომმა მოგვაყენა, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ქუთაისში, დევნილი ოჯახებისთვის ბინების გადაცემის ცერემონიაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
ირაკლი ღარიბაშვილის თქმით, დღეს  ქვეყნის 20% არის დროებით ოკუპირებული და  ეს არის დროებითი ოკუპაცია.
,,ჩვენ ძალიან კარგად გვესმის, რომ მრავალი წელია ელოდით ბინების გადმოცემას. ჩვენ ყველამ ერთად ძალიან ბევრი განსაცდელი გამოვიარეთ წლების განმავლობაში, მას შემდეგ, რაც დროებით დავკარგეთ ჩვენი ძირძველი, ისტორიული ტერიტორიები. მე კარგად ვიცი, თუ რაოდენ დიდია ის ტკივილი, რომელიც ჩვენ ამ ომმა მოგვაყენა. ძალიან ბევრი ჩვენი თანამოქალაქე დავკარგეთ ამ ომებში და რაც მთავარია, დღეს ჩვენი ქვეყნის 20% არის დროებით ოკუპირებული, მინდა ხაზი გავუსვა, ეს არის დროებითი ოკუპაცია. მე მჯერა, რომ ღმერთის დახმარებით, უფლის შეწევნით ჩვენ, ჩვენი სწორი პოლიტიკით, შედეგზე გათვლილი, ორიენტირებული პოლიტიკით მივაღწევთ ჩვენი ქვეყნის გამთლიანებას. ეს არის ჩვენი საერთო მიზანი, საერთო დიდი ოცნება და ეროვნული მიზანი ეს უნდა იყოს.
სამწუხაროა ის ფაქტი, რომ ჩვენი პოლიტიკოსები, რომელთა პასუხისმგებლობაც არის, ყველასი, მნიშვნელობა არ აქვს ოპოზიციაში არის ადამიანი, თუ პოზიციაში, ხელისუფლებაში, ყველას ამოცანა უნდა იყოს სწორედ გაერთიანება. ნებისმიერ ადამიანს ვკითხოთ აქ, რა არის თქვენი მთავარი საზრუნავი, საფიქრალი, ხომ არის თქვენი დაბრუნება თქვენს სახლებში, აფხაზეთში, სამაჩაბლოში. მე მჯერა, ეს დღე აუცილებლად დადგება, იმიტომ, რომ ჩვენი მშვიდობიანი პოლიტიკა გვაახლოებს ამ დიდ მიზანთან ყოველ დღე. მე ამის ღრმად მწამს, ამის მჯერა, ამას ალტერნატივა არ აქვს“, –  განაცხადა პრემიერმა.

მსგავსი თემები