10 ივნისიდან წისქვილკომბინატები რუსეთიდან იმპორტირებული ხორბლის პარალელურად, ქართული ხორბლის მიღებასაც იწყებენ. ბალანსი კი 80/20-ზე იქნება, იმპორტირებული ხორბლის სასარგებლოდ. თუმცა, პრობლემა, რომელიც მ ეტაპისთვის უკვე გაჩნდა, ქართული ხორბლის ხარისხია. კერძოდ ის, რომ ქართული ხორბლის ხარისხი ზღვარზე ან ზღვარს ქვევითაა.
აღნიშნულ საკითხზე „მედიაცენტრ მთავართან“ „საქართველოს ხორბლისა და ფქვილის მწარმოებელთა ასოციაციის“ წევრმა, წისქვილკომბინატ „ბარაქას“ დირექტორი ლადო ბიძინაშვილმა ისაუბრა.
„მედიაცენტრ მთავარის“ კითხვას, რომ წისქვილკომბინატები ქართულ ხორბალს იწუნებენ და არჩევანს იმპორტირებულზე აკეთებენ, მან გვიპასუხა: „ხორბლის ხარისხის შემოწმება ხდება ერთ-ერთი თანამედროვე აპარატით, სადაც ადამიანური რესურსის ჩარევა საერთოდ არა არის საჭირო. მარტივად რომ აგიხსნათ, ხორბალი იყრება დანადგარში, რომელიც გვაძლევს ამ ხორბლის მონაცემებს. შესაბამისად, ხორბლის მონაცემები და სტანდარტები გაწერილია ყველაგან და ყველასთვის ცნობილია, რა არის საფურაჟე და საიდან იწყება გადამუშავებისთვის საჭირო მონაცემები. ვინმემ რომ თქვას, რომ მას კარგი ხორბალი ჰქონდა და ვიღაცამ შეგნებულად დაიწუნა, ეს გამორიცხულია“ – განაცხადა ლადო ბიძინაშვილმა „მედიაცენტრ მთავართან.“
მისივე თქმით, ხორბლის რამდენიმე ნიმუში შემოწმდა და შედეგები არც თუ კარგია.
„გუშინ გავაკეთეთ რამდენიმე ნიმუში, ფერმერებმა თავად მოიტანეს ხორბალი და მოხდა მისი შემოწმება. რაც შეეხება შედეგს, სამწუხაროდ, 80%-ის ხარისხი ან ზღვრამდეა მისული, ან ზღვარს ქვევითაა. ერთი, ორი ნიმუში იყო, რომელი შეესაბამებოდა გადამუშავებას“ – აღნიშნა ბიძინაშვილმა „მედიაცენტრ მთავართან“.
მორიგ კითხვაზე – ეს იმას ნიშნავს, რომ ისევ შემოტანილ ხორბალს ანიჭებთ უპირატესობას? პასუხი შემდეგია: „ჯერ ამაზე ნაადრევია საუბარი, რადგანაც, დადგენილება ორშაბათს გამოვიდა და შესაბამისად, არც დაწყებულა პროცესი. ივნისის ბოლოდან დავიწყებთ მუშაობას. ჯერ რას ვანიჭებთ უპირატესობას ვერ გეტვით, თუმცა, ერთი შემიძლია ავღნიშნო რომ დღევანდელი ფასიდან გამომდინარე, ქართული ხორბალი წისქვილკომბინატებისთვის ბევრად უფრო მიმზიდველია, ვიდრე იმპორტირებული. დაახლოებით 50 ლარიანი სხვაობაა ტომარაზე. დღევანდელი გადმოსახედით, ქართული ხორბლის შესასყიდი ფასი 0,70 ლარია“ – აღნიშნა ლადო ბიძინაშვილმა „მედიაცენტრ მთავართან“.
ქართული ხორბლის 80%-ის ხარისხი ზღვარზეა – ლადო ბიძინაშვილი “მედიაცენტრ მთავარში”