საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანებას მტკიცე მხარდაჭერა აქვს – საქართველოს მოქალაქეები არ უჭერენ მხარს ქვეყანაში რუსეთის მოქალაქეების ყოფნას – კვლევა

საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI) ინფორმაციით, ახალი საზოგადოებრივი აზრის კვლევა (Center for Insights in Survey Research) აჩვენებს, რომ საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანებას მტკიცე მხარდაჭერა აქვს.

გამოკითხულთა 89% სრულად ან მეტ-ნაკლებად უჭერს მხარს საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანებას. მხარდაჭერა, წინა კვლევასთან შედარებით, 4%-ით არის გაზრდილი და ისტორიულ მაქსიმუმს აღწევს.

IRI-ის ინფორმაციით, საქართველოს მოქალაქეები არ უჭერენ მხარს ქვეყანაში რუსეთის მოქალაქეების ყოფნას. გამოკითხულთა 79% წინააღმდეგია რუსეთის მოქალაქეებს ბიზნესის რეგისტრაციის, ქონების შეძენის ან საქართველოში უვიზოდ შემოსვლის უფლება ჰქონდეთ.

კვლევის მიხედვით, პოლიტიკური პარტიების მიმართ ნდობის მაჩვენებელი დაბალია.

გამოკითხულთა 42% აცხადებს რომ არცერთი პოლიტიკური პარტია არ გამოხატავს მათ ინტერესებს. ხოლო, საზოგადოების 78% -ს პოლიტიკაში მეტი ახალგაზრდის ხილვა სურს.

IRI-ის ინფორმაციით, კვლევის საველე სამუშაოები ჩატარდა IPM-ის მიერ. მონაცემები შეგროვდა პირისპირ ინტერვიუს გზით. შერჩევა მოიცავდა საარჩევნო ხმის უფლებისა და ასაკის მქონე 1500 რესპონდენტს. მონაცემები შეწონილ იქნა ასაკის, სქესის, რეგიონისა და დასახლების ზომის შესაბამისად. ცდომილების ზღვარი წარმოადგენს +/- 2.5 %, გამოპასუხების მაჩვენებელი – 63%. კვლევის განხორციელება შესაძლებელი გახდა ამერიკელი ხალხის მხარდაჭერით, აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს მეშვეობით.

მსგავსი თემები