ცხოველთა მონიტორინგის სააგენტო სოციალურ ქსელებში გავრცელებულ პოსტებთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს

ცხოველთა მონიტორინგის სააგენტოს განცხადებას ავრცელებს, რითაც სოციალურ ქსელში ბოლო დროს გავრცელებულ პოსტებს ეხმიანება. საუბარია პოსტებზე, რომლებიც საზოგადოებაში მიუსაფარი ცხოველების მიმართ უარყოფითი განწყობა-დამოკიდებულების ჩამოყალიბებას ეხება.

,,გვინდა, გამოვეხმაუროთ სოციალურ ქსელში ბოლო დროს გავრცელებულ პოსტებს, რომლებიც ეხება საზოგადოებაში მიუსაფარი ცხოველების მიმართ უარყოფითი განწყობა-დამოკიდებულების ჩამოყალიბებას.

მიუსაფარი ცხოველების სიმრავლე არის სოციალური პრობლემა, რომლის გადაწყვეტაშიც როგორც სახელმწიფოს, ასევე თითოეულ მოქალაქეს თავისი მნიშვნელოვანი როლი და პასუხიმგებლობა აქვს.

ეს არის პრობლემა, რომელიც გამოვიწვიეთ ჩვენ, ადამიანებმა. მეპატრონეები, რომლებიც ცხოველების მოვლა-პატრონობაზე იღებენ პასუხისმგებლობას, არ ასრულებენ შესაბამის მოვალეობებს და მასობრივად ტოვებენ თავიანთ ცხოველებსა და მათ ლეკვებს/კნუტებს დედაქალაქის ქუჩებში.

სახელმწიფოს დამოკიდებულება მიუსაფარი ცხოველების პოპულაციის მართვის მიმართულებით არის ევროპული გზის ნაწილი. ეს არის ევროპის ქვეყნებში აპრობირებული, ყველაზე ჰუმანური და ეფექტური მეთოდი – სტერილიზაცია/კასტრაცია, რომელიც ცხოველის რეპროდუქციული უნარის შეწყვეტას გულისხმობს. სტერილიზაციის შემდეგ, ცხოველი ვეღარ მრავლდება და უმცირდება აგრესია. თუმცა, უნდა აღინიშნოს, რომ სააგენტოს მიერ ოპერაციების რაოდენობის მაქსიმალურად ზრდის პარალელურად, მაღალია ცხოველების მიტოვებისა და რეგიონებიდან მათი მიგრაციის ტემპი.

პრობლემის გადაწყვეტის ერთადეთი გზა არის ის, რომ თითოეულმა მეპატრონემ გაიაზროს მასზე დაკისრებული მოვალეობა, გაასტერილოს თავისი ცხოველი და არ შეუწყოს ხელი უკონტროლო გამრავლებას.

საკითხის გადაწყვეტა მხოლოდ კომპლექსურად, სახელმწიფოსა და მოქალაქეების ჩართულობითა და ძალისხმევით არის შესაძლებელი. ერთი მხრივ, მეპატრონეების მიერ ცხოველის რეგისტრაცია და სტერილიზაცია და, მეორე მხრივ, სახელმწიფოს მიერ ქვეყნის ყველა რეგიონში მასობრივი სტერილიზაცია არის გზა, რომელიც მიგვიყვანს საბოლოო მიზნამდე – აღარ არსებობდეს ცნება – მიუსაფარი ცხოველი, ყველა მათგანს ჰყავდეს პატრონი.

სააგენტო თითოეულ მეპატრონეს მოგმართავთ თხოვნით, გაიაზრეთ თქვენი ადამიანური და მოქალაქეობრივი პასუხიმგებლობა, დაარეგისტრირეთ, გაასტერილეთ თქვენი ცხოველები და იზრუნეთ მათზე სიცოცხლის ბოლომდე.

ცხოველთა მონიტორინგის სააგენტო, როგორც სახელმწიფო სტრუქტურა, ახორციელებს ქმედით ღონისძიებებს ცხოველების სტერილიზაციის, იდენტიფიკაცია-რეგისტრაციის, მოვლა-პატრონობის მონიტორინგის, ცოფის ვირუსის პრევენციისა და საზოგადოების ცნობიერების ამაღლების გზით, რომელიც რამდენიმე წლის პერპექტივაში თვალსაჩინო შედეგს გამოიღებს,”- ნათქვამია განცხადებაში.

მსგავსი თემები