მედპერსონალის მოთხოვნა დაკმაყოფილებულია, რესპუბლიკური საავადმყოფოს დირექტორი გადააყენეს

ჯანდაცვის მინისტრის განცხადებით, არანაირი საფუძველი პროტესტის გაგრძელების ამ დროისთვის არ არსებობს.

„ვფიქრობ, რომ პროტესტის გაგრძელების არანაირი საფუძველი დღეს არ არსებობს. შევთანხმდით კომუნიკაციის ფორმაზეც. ჩვენ, მათ ეტაპობრივად გარკვეული ინფორმაციის მოძიების შემდგომ დეტალებს გავაცნობთ. ამის შემდეგ, თუკი ვინმეს კიდევ პროტესტი გაუჩნდება, ეს უკვე დესტრუქციულ ქმედებებზე მიუთითებს და იმაზე, რომ მათ არ სურთ პრობლემების მოგვარება. რასაკვირველია ეს ძალიან არასასიამოვნოა“,-განაცხადა ზურაბ აზარაშვილმა.

ჯანდაცვის მინისტრის განცხადებით, უწყებამ, თანამშრომლების მოთხოვნა რესპუბლიკური საავადმყოფოს დირექტორის მოვალეობის შემსრულებლის თანამდებობიდან გადადგომის შესახებ გაითვალისწინა და ამ დროისთვის აღნიშნულ პოსტს სამედიცინო დაწესებულების თანამშრომელი იკავებს.

„ძირითადი მოთხოვნა დირექტორის მოვალეობის შემსრულებელთან იყო დაკავშირებული და ეს პრობლემაც გადაჭრილია. შეიცვალა დირექტორის მოვალეობის შემსრულებელი და მის ადგილს რესპუბლიკური საავადმყოფოს თანამშრომელი იკავებს, რომელიც წლებია მანდ მუშაობს და დამსახურებული ავტორიტეტითაც სარგებლობს. მას ჩვენგან სრული მხარდაჭერა აქვს. გარდა ამისა შეიქმნა საკონსულტაციო ჯგუფიც, რომელიც მაღალკვალიფიციური კადრებითაა დაკომპლექტებული. ეს ჯგუფი ახალ დირექტორთან ერთად მოაგვარებს პრობლემებს“,-განაცხადა ჯანდაცვის მინისტრმა.

ზურაბ აზარაშვილმა საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისი სახელმწიფო კლინიკის მნიშვნელობაზეც გაამახვილა ყურადღება. მისივე განცხადებით, რესპუბლიკური კლინიკის რეაბილიტაციის თაობაზე გადაწყვეტილება მაშინ იქნება მიღებული, როდესაც ექსპერტიზის საბოლოო დასკვნები გახდება ცნობილი.

„რაც შეეხება დასკვნებს, ჩვენი მიზანია, რომ რესპუბლიკური საავადმყოფო იყოს ყველაზე თვალსაჩინო მაღალტექნოლოგიური სახელმწიფო კლინიკა. ამ მიზნის მისაღწევად კი გვეხმარება სხვადასხვა დასკვნები და ექსპერტული შეფასებები, რომელიც გარკვეული პერიოდის შემდეგ გვექნება. ქვეყანას უნდა ჰქონდეს მძლავრი მაღალ ტექნოლოგიური სამედიცინო კლინიკა, რომელიც ყველა სტანდარტს და გამოწვევას უპასუხებს“,- განაცხადა ზურაბ აზარაშვილმა.

შეგახსენებთ, რომ აკად. ნ. ყიფშიძის სახელობის ცენტრალური საუნივერსიტეტო კლინიკასთან დაკავშირებით, სამომავლო გეგმებისა და კონცეფციის პრეზენტაცია  გუშინ გაიმართა. ღონისძიებაზე, რესპუბლიკური საავადმყოფოს თანამშრომლებს, შესაძლებლობა ჰქონდათ, სამინისტროს წარმომადგენლებისგან ამომწურავი ინფორმაცია მიეღოთ.

 

მსგავსი თემები