სირიაში დაზარალებულების დასახმარებლად, კიდევ ორი სასაზღვრო-გამშვები პუნქტი გაიხსნება – გაერო

გაეროს ინფორმაციით, გასულ კვირას მომხდარი მიწისძვრის შედეგად დაზარალებულებისთვის ჰუმანიტარული დახმარების მისაწოდებლად,  სირიის მთავრობა კიდევ ორი სასაზღვრო კორიდორის გახსნას დათანხმდა.

როგორც გაერო-ს გენერალური მდივნის პრესსპიკერმა განაცხადა, აღნიშნული გადაწყვეტილება ადგილზე ვითარებას მნიშვნელოვნად შეცვლის, რადგან აქამდე ჰუმანიტარული ტვირთი სირიაში მხოლოდ ერთი საკონტროლო-გამშვები პუნქტიდან, შედიოდა.

„ძალიან მალე ჩვენ გამოვიყენებთ კიდევ ორ გამშვებ პუნქტს. ვიმედოვნებთ, რომ შეთანხმება იმოქმედებს იმდენ ხანს, რამდენიც საჭირო იქნება მათ გამოსაყენებლად“, – განაცხადა გაერო-ს გენერალური მდივნის პრესსპიკერმა, სტეფან დიუჟარიკმა.

გაეროს ცნობით, ამბოხებულების მიერ კონტროლირებად ქვეყნის ჩრდილო-აღმოსავლეთ ნაწილში, თურქეთის საზღვართან მდებარე ბაბ-ალ-სალამისა და ალ-რაეს გამშვები პუნქტები, 3 თვით გაიხსნება.

პრეზიდენტ ბაშარ ასადის ხელისუფლება ჰუმანიტარული დახმარების მიწოდებისა და სამძებრო-სამაშველო ოპერაციის ჩატარებასთან დაკავშირებულ შეფერხებებს დასავლეთის მიერ სირიისთვის დაწესებულ სანქციებს უკავშირებს, თუმცა საერთაშორისო ჰუმანიტარული ორგანიზაციები აცხადებენ, მთავარი შემაფერხებელი ფაქტორი ასადის რეჟიმის არასწორი მართვაა.

ბოლო მონაცემებით, 6 თებერვალს მომხდარ ძლიერ მიწისძვრას სირიაში 5 700-ზე მეტი ადამიანი ემსხვერპლა.

 

მსგავსი თემები