“სააკაშვილ-ადეიშვილის სატელეფონო საუბრის ჩანაწერი თუ ავთენტურია, აუცილებლად გაჩნდება გარკვეული კითხვის ნიშნები” – სოფიო კილაძე

საქართველოს პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარე სოფო კილაძე აცხადებს, რომ სააკაშვილ-ადეიშვილის სატელეფონო საუბრის ავთენტურობა ვიდრე არ დადგინდება, რაიმეს თქმა გაუჭირდება.

როგორც სოფო კილაძემ აღნიშნა, მსგავსი ჩანაწერები არაერთხელ გავრცელებულა, თუ მისი ნამდვილობა დადასტურდება, მაშინ აუცილებლად გაჩნდება გარკვეული კითხვის ნიშნები.

„პირველ რიგში ამ ჩანაწერის ავთენტურობა უნდა დადგინდეს. სამწუხაროდ არაერთხელ გვინახავს გავრცელებული ჩანაწერები და ბუნებრივია, მნიშვნელოვანია, ნამდვილად ამ ბატონებს ეკუთვნით თუ არა ეს ხმა და ამ საუბარს ნამდვილად ჰქონდა თუ არა ადგილი. თუ ეს ჩანაწერი არის ავთენტური და ნამდვილად ჰქონდა ამ საუბარს ადგილი, მაშინ რა თქმა უნდა, გარკვეულ კითხვის ნიშნებს იწვევს. როგორც კომიტეტის თავმჯდომარე, ხელს ვერავის დავადებ. ეს არის სამართალდამცავების გადასაწყვეტი საკითხი. სანამ დეტალები არ გაირკვევა, რაიმეს თქმა და ვინმესთვის რაიმეს დაბრალება გამიჭირდება“, – განაცხადა სოფო კილაძემ.

უკრაინულმა ვებგვერდმა obozrevatel.com უკრაინის რეფორმების აღმასრულებელი კომიტეტის თავმჯდომარის, მიხეილ სააკაშვილისა და საქართველოს ყოფილი გენერალური პროკურორის, ზურაბ ადეიშვილის სატელეფონი საუბრის ჩანაწერი გამოაქვეყნა. ვებგვერდის ინფორმაციით, ჩანაწერში მიხეილ სააკაშვილი და ზურაბ ადეიშვილი ტელეკომპანია „მთავარის“ დირექტორ ნიკა გვარამიასა და ტელეწამყვან გიორგი გაბუნიაზე საუბრობენ.

მსგავსი თემები