„გრძელვადიანი მშვიდობა ევროპაში დამყარდება მხოლოდ მაშინ, როდესაც უკრაინა გაიმარჯვებს და ევროკავშირის წევრი გახდება“ – ზელენსკი

„ახლახან მივიღე მონაწილეობა ევროპული საბჭოს შეხვედრაში. დიახ, ეს იყო დახურული შეხვედრა, თუმცა მინდა, რომ გადმოგცეთ განწყობა, რომელიც მკაფიოდ ჩამოაყალიბა ევროკავშირის ერთ-ერთმა ლიდერმა, რომელმაც თქვა, რომ გრძელვადიანი მშვიდობა ევროპაში დამყარდება მხოლოდ მაშინ, როდესაც უკრაინა გაიმარჯვებს და ევროკავშირის წევრი გახდება“ – აღნიშნა პრეზიდენტმა ზელენსკიმ ევროპის საბჭოს სამიტის დასრულების შემდეგ.

უკრაინის პრეზიდენტმა ევროკავშირს რუსეთის დრონებისა და რაკეტების მწარმოებელი ინდუსტრიის წიანააღმდეგ სანქციების დაწესება სთხოვა.

„ეს არის ერთიანობა, რომელიც გულისხმობს, რომ ევროკავშირი იქნება ჩვენ გვერდით უკრაინის გამარჯვებამდე და უკრაინა გახდება ევროკავშირის წევრი.  ჩვენ ვისაუბრეთ უსაფრთხოებაზე, ადამიანების სიცოცხლის გადარჩენასა და სტაბილურობაზე. ვისაუბრეთ სამართლიანობის აღდგენაზე, ასევე ღირებულებებზე, რომლებიც არა მხოლოდ უკრაინულია, არამედ ევროპულიც. ამასთან, საუბარი იყო, რომ უკრაინა ახორციელებს ელექტროენერგიის ექსპორტს ევროკავშირში, ჩვენი, თქვენი სოციალური ცხოვრება, კეთილდღეობა დამოკიდებულია ამაზე, თუმცა რუსეთმა მოახდინა ჩვენ ბირთვული ელექტროსადგურების ოკუპირება და გათიშა ისინი ქსელიდან. ეს არის არა მხოლოდ თქვენი ღირებულებების, არამედ ინტერესების დარღვევა. ჩვენ შეგვიძლია, რუსეთის აგრესიის ნებისმიერ ელემენტზე ანალოგიურად ვისაუბროთ“, – განაცხადა ვოლოდიმირ ზელენსკიმ.

მისივე განცხადებით, მნიშვნელოვანია ავიაგამანადგურებელი თვითმფრინავების საკითხის განხილვა.

მადლობლები ვართ საჰაერო თავდაცვის სისტემების მოწოდებისთვის, თუმცა ასევე მინდა ხაზი გავუსვა, რომ ყველა ჩვენგანის ინტერესია, არა მხოლოდ უკრაინელების, არამედ ევროპელების, რომ რუსეთმა აღარ დაამზადოს რაკეტები, აღარ დაესხას თავს ჩვენს ქალაქებს. ასე რომ, ჩვენ უნდა გადავდგათ მორიგი ნაბიჯი და დავაწესოთ სანქციები რუსეთის უპილოტო საფრენი აპარატების, რაკეტების წარმოების ინდუსტრიის წინააღმდეგ. მე მოვისმინე მზადყოფნის შესახებ, მოგვაწოდონ აუცილებელი შეიარაღება, მათ შორის ავიაცია. მე რამდენიმე ორმხრივი შეხვედრა მექნება და ვაპირებ, რომ დავაყენო ავიაგამანადგურებელი თვითმფრინავების საკითხის განხილვა“ – აღნიშნა პრეზიდენტმა.

 

მსგავსი თემები