,,უკრაინისა და საქართველოს მოქალაქეებმა კარგად ვიცით მშვიდობის ფასი, გაუგებარია, ოპონენტებს რატომ მოხვდათ გულზე სიტყვა „მშვიდობა“- კალაძე

ნებისმიერი საქმე, მიღწევა უფერულდება, თუკი არ არის მშვიდობა. ამიტომ ჩვენთვის ცოტა უცნაური იყო, როდესაც წლევანდელ საახალწლო სლოგანს – „მშვიდობის ქალაქი“ – არაერთი სპეკულაცია მოჰყვა, – ამის შესახებ დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ თბილისის საკრებულოში წლიური ანგარიშის წარდგენისას განაცხადა.

მისივე თქმით, უკრაინელებთან ერთად, საქართველოს მოქალაქეებმა ძალიან კარგად იციან მშვიდობის ფასი და გაუგებარია, რატომ მოხვდათ სიტყვა „მშვიდობა“ გულზე ოპონენტებს და რატომ ებრძვიან წლევანდელ საახალწლო სლოგანს.

„ნებისმიერი საქმე, მიღწევა უფერულდება, თუკი არ არის მშვიდობა. განვითარება, სამომავლო გეგმები, პერსპექტივები, პროექტები მნიშვნელოვანია მხოლოდ მშვიდობიან გარემოში. სწორედ ამ შემთხვევაში აქვს აზრი ჩვენს შრომას, სწავლას, შემოქმედებას თუ მისწრაფებებს. ამიტომ ჩვენთვის ცოტა უცნაური იყო, როდესაც წლევანდელ საახალწლო სლოგანს – „მშვიდობის ქალაქი“ – არაერთი სპეკულაცია მოჰყვა. ეს, გაუგებართან ერთად, ჩემთვის კატეგორიულად მიუღებელია. სასაცილოც კი არაა არგუმენტი, თითქოს წლევანდელი სლოგანი ნიშნის მოგების პრინციპით, ვინმეს ჯინაზე იყო შერჩეული. ამ თემაზე სერიოზულად საუბარი უბრალოდ წარმოუდგენელია, არ ვიკადრებ, არც თქვენ გაკადრებთ, მაგრამ მშვიდობას რა ფასი აქვს, ყველაზე უკეთ ეს დღეს ჩვენმა მეგობარმა უკრაინელმა ხალხმა იცის. ამიტომაც ამ ახალ წელს სწორედ მშვიდობას და, მშვიდობასთან ერთად, გამარჯვებას ვუსურვებ თავისუფლებისთვის მებრძოლ თითოეულ ადამიანს. მშვიდობას ვუსურვებ ჩვენს ქვეყანას, ჩვენს ხალხს და ჩვენს ქალაქს. უკრაინელებთან ერთად, საქართველოს მოქალაქეები ვართ ის ადამიანები, რომლებმაც ძალიან კარგად ვიცით მშვიდობის ფასი. სამწუხაროდ, ძალიან კარგად ვიცით, რას ნიშნავს, როცა შენს ქვეყანაში ომია. ამ ყველაფრის გათვალისწინებით, გაუგებარია, ოპონენტებს რატომ მოხვდათ გულზე ასე მწარედ სიტყვა „მშვიდობა“ და რატომ ებრძოდნენ და ებრძვიან ამ სლოგანს, თუმცა ოპონენტების პოლიტიკური ანგაჟირების მიმართულებას, ხარისხსა და ვიწროპარტიულ ინტერესებს თუ გავითვალისწინებთ, ყველაფერი ნათელი, აშკარა ხდება“, – განაცხადა კალაძემ.

მსგავსი თემები