ნიუ იორკის სასამართლომ ტრამპის კუთვნილი ორი კომპანია წაყენებულ ყველა ბრალდებაში დამნაშავედ ცნო

ნიუ იორკის სასამართლომ აშშ-ს ყოფილი პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის ოჯახის კუთვნილი Trump Organization-ის ორი კომპანია საგადასახადო თაღლითობაში და საგადასახადო დოკუმენტების გაყალბებაში დამნაშავედ ცნო.

დონალდ ტრამპის ოჯახის კუთვნილ ორგანიზაციას 1,6 მილიონი დოლარის ოდენობის ჯარიმა დაეკისრება. ამასთან დაკავშირებით გადაწყვეტილებას სასამართლო იანვარში მიიღებს.

ნაფიცი მსაჯულების განცხადებით, კომპანიები მათ წინააღმდეგ წაყენებულ ჩვიდმეტივე ბრალდებაში დამნაშავედ ცნეს. საუბარია კომპანიების მიერ ტოპ-მენეჯერებისთვის არაოფიციალური შეღავათებით უზრუნველყოფაზე, როგორებიც არის: ძვირადღირებული ავტომობილები, ძვირადღირებული სკოლების გადასახადები. ამით კომპანიები აკომპენსირებდნენ შედარებით დაბალ ხელფასებს და ამცირებდნენ გადასახადების ჯამს.

„13 წლის განმავლობაში Trump Corporation დაTrump Payroll Corporation სარგებლობდნენ დაუსჯელი სქემით, რომელიც მაღალი დონის ხელმძღვანელებს აჯილდოებდა გულუხვი პრივილეგიებითა და კომპენსაციებით, მიზანმიმართულად მალავდა შეღავათებს საგადასახადო ორგანოებისგან“, – განაცხადა მანჰეტენის ოლქის პროკურორმა, ალვინ ბრეგმა.

აშშ-ის ყოფილი პრეზიდენტი დონალდ ტრამპი სასამართლო პროცესს პოლიტიკურად მოტივირებულად მიიჩნევს და აცხადებს, რომ ეს არის „კუდიანებზე ნადირობა“. ექს პრეზიდენტის იურისტთა ჯგუფი გადაწყვეტილების გასაჩივრებას გეგმავს.

მსგავსი თემები